image

თემა: ლოცვა,  სინანული,  ცხონება,  წმინდანები

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?
თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.
image
 
თემატური კითხვები