image

თემა: ტალანტი

აწ ვიტყვი თქვენზედა: რომელნიმე აქა მდგომარეთაგანნი არიან სამოქალაქოსა მსახურებასა შინა, ანუ ესრეთ წოდებულნი ჩინოვნიკნი, მათ მიუღიათ ღვთისაგან ტალანტი იგი, რათა ემსახურონ მართლ–მსაჯულებასა, ჰყონ სიმართლე, განამართლონ უბრალონი, დასაჯონ სჯულის–გარდამსვლელნი, ამაყნი და მტაცებელნი. უკეთუ იგინი ესრეთ იქმონენ, არა დაუღუპავთ ტალანტი თვისი; ხოლო უკეთუ, სიმართლისა წილ იქმოდიან უსამართლობასა უკეთუ გამოსჩნდებიან თავხედნი, უწყალონი, მოქრთამენი, მაშინ მიღებენ ღვთისაგან ნაწილსა უხმარისა მის მონისასა. ზოგნი თქვენ შორის არიან მოვაჭრენი. ვაჭრობა არის დიდი ტალანტი, ვინაიდან ვაჭრობა დიდად საჭირო არს ქვეყნისათვის, და კეთილნი ვაჭარნი დიდსა სარგებლობასა მისცემენ სოფელსა; გარნა ვაჭარმა უნდა დაიმარხოს პატიოსნება, ეკრძალოს მოტყუებასა, სიხარბესა, მისცეს რაოდენიმე ნაწილი მოგებისა მისისა გლახაკთა და ეკლესიათა, და მაშინ მიიღებს იგი ღვთისაგან მეორესა საუკუნესა შინა დაუფასებელსა სიმდიდრესა. გარნა უმრავლესნი მცხოვრებთა შორის ამა ქალაქისათა არიან მდაბალნი მუშაკნი, რომელნიცა ოფლითა თვისითა ზრდიან თავთა თვისთა; ესენიცა უნდა მადლობდენ უფალსა და არა იფიქრონ, რომელ ფრიად მცირე არს ტალანტი მათი და არა მიემსგავსნენ მონასა მას, რომელი ემდუროდა უფალსა თვისსა, მიიღო რა ერთი მხოლო ტალანტი. თუმცაღა მცირეთ გვეჩვენება ტალანტი მათი, გარნა ოდეს ღრმად განვიხილავთ, მაშინ მივხვდებით, რომელ მცირენიცა მუშაკნი არა რაითა დაკლებულ არიან სხვათა შორის. პირველი და თვით მიუცილებელი ნივთი, ანუ ტალანტი ქრისტეანთათვის არს კეთილი სარწმუნოება, კეთილმსახურება, კეთილი ყოფა–ქცევა, – ერთი სიტყვით, სათნოება; ხოლო გზა სათნოებისა გაშლილ არს ერთობ ყოველთათვის, უმეტეს ამისა, მე ვგონებ, რომელი მცირენი და ღარიბნი მუშაკნი უმახლობელეს არიან სათნოებისადმი, ვიდრემდის მდიდარნი და აღმატებულნი პატივითა, ვინაიდგან თვით სიმდიდრე და სიმრავლე პატივისა ხშირად აბრკოლებს ამათ სვლად გზასა ზედა სათნოებისასა.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები