თემა: ღმრთისმშობელი

593. როგორი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გარეგნობა და დამახასიათებელი თვისებები გადმოცემათა მიხედვით?
ჩვენამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი სილამაზის აღწერა შემორჩენილია წმ. თეოფანესა და ნიკიფორეს თხზულებებში. აი, რას ამბობენ ისინი: ის იყო საშუალო სიმაღლის, სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში რომ გადადის, წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა, ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი, სახე არც მთლად მრგვალი, ხელის თითები მოგრძო, მასში არ იყო არავითარი სიამაყე. ყველაფერში უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშეც კი; არავითარი განებივრება–გააზიზება, ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს; უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს; ყოველ საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა. საკვირველია სიტყვები წმ. დიონისე არეოპაგელისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ... გონება მისი ღვთიურ საქმეებში ფლობდა ისეთ სიბრძნეს, რომელიც კაცთაგან არავის ექნება მომავალში. აღზრდისა მისისათვის იგი შეფარებული იქნა იერუსალიმის ტაძარში და რამდენიმე ხნის შემდეგ წმ. წერილი ესმოდა ისე ცხადად და სწორად, რომ გაოცებაში მოჰყავდა გამოცდილი და დახელოვნებული სჯულისმოძღვარიც კი. ღვთის დედის განსაკუთრებული გულისხმიერება გასაოცარია მით უფრო, რომ სიბრძნით ბევრად უსწრებდა ასაკს. ჯერ კიდევ სამი წლისას ესმოდა, რომ მის გარშემო ხდებოდა წმინდა და ღვთიური საიდუმლო, ხოლო ის, რომ მას ასე ადრე ჰქონდა მადლიანი ნიჭი ზეციურ სამყაროსთან ურთიერთობისა და ღირს იქმნა ციურ მქალაქეებთან საუბრისა, ყოველგვარ გულისხმისყოფას აღემატება. მისი ზნეობრივი სიმაღლე ჩვენთვის წარმოადგენს უმაღლეს მაგალითს სრულქმნილებისა. მასში არ იყო ბიწიერება. ის იყო ჭურჭელი სათნოებისა. ყველაფერ იმას, რაც მართებდა ძველი სჯულის მიხედვით და რაც ეხსენებოდა სახარებისეული სჯულით, ის ასრულებდა ყოველგვარი სიზუსტით. რა შეიძლება მის თავმდაბლობაზე მაღლა იდგეს. ზეციური მაცნე მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს, რომ იგი შობს ძეს მაღლისა – მესიას, მეფეთა მეფეს, მართალი ელისაბედი ესალმება, როგორც უფლის დედას, – ის კი, არა თუ თავს აიმაღლებს, არამედ შიშსაც ჰგვრის ასეთი პატივი: შეძრწუნდება ანგელოზის სიტყვებზე და თავს ღვთის მხევლად აღიარებს, რომელსაც მოჰხედა უფალმა; მართალი იოსები ეჭვქვეშ ექცევა და თავმდაბლად სდუმს, ემორჩილება უზენაეს ხელისუფლებას და ილტვის ეგვიპტედ. ასევე, რა შიძლება მის უპოვარებაზე უფრო სრულყოფილი იყოს? ასულმა მდიდარი მშობლებისა უგულებელყო ყოველივე, რაშიც ნუგეშს ხედავენ ასულნი კაცთანი, უყვართ რა სიკეთე ამა ქვეყნისა. მას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ცხოვრობდა იოსებ დურგლის უბადრუკ ქოხში. შემდგომად ჯვარცმისა ძისა მისისა არ ჰქონდა თავის მისაყრდენიც კი და ცხოვრობდა ქრისტეს უახლოესი მოწაფის სახლში. რა შიძლება მის უმანკოებაზე უფრო წმინდა იყოს? თვით ჰიპოსტასურმა ღვთის სიტყვამ აღზარდა იგი და საშო მისი თვის ჭერად იგულა. წმ. ამბროსი მედიოლანელი მის უბიწოებას ასე გადმოგვცემს: „ ის იყო ქალწული არა მარტო ხორცით, არამედ სულითაც. გულით შემუსრვილი, საუბარში ღვთივგანბრძნობილი, ცოტას ლაპარაკობდა და საუბარშიაც იყო უმანკო“. რაღა ითქმის მის სიმამაცეზე უდიდეს განსაცდელთა და მწუხარებათა შორის? არ დაცემულა სულით, როცა ედო ხიფათით აღსავსე გზა ეგვიპტისაკენ, როგორი სიმტკიცით მიჰყვებოდა იგი თავის ძეს, რაც განაცვიფრებს ადამიანურ გულსა და ყოველივე ხილულსა და უხილავ ბუნებას, როცა იგი ვნების გზას შეუდგა; იყო გოლგოთაზე, როცა ძე მისი ჯვარს აცვეს, იგი მის ჯვართან იდგა, დაესწრო მის დაკრძალვას! რაოდენ დაკვირვებული იყო იგი თავის თავზე, რა მოუღლელად ფხიზლობდა და ეს მაშინ, როცა აღვსილი იყო მადლითა და სიწმინდით! ესმა რა ანგელოზის სიტყვები: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, – მან ერთბაშად არ დაიჯერა, არამედ სიფრთხილით ფიქრობდა, ახლაც ხომ იგივე არ ხდება, რაც ევას შეემთხვა? რამდენად იყო ღვთის ნებაზე მინდობილი, როცა მასზედ სასოების დამდებმა თქვა: აჰა მხევალი უფლისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა! მისი ლოცვა ღვთის მიმართ! წმ. ამბროსი ამბობს, თითქოს ღვთისმშობელი ყოველთვის ღმერთს ესაუბრებოდა; თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ლოცვაში გაატარა. და ლოცვა მისი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცანი დაიმორჩილა, თვითონ ღმერთი გარდამოიყვანა ზეციდან, მიძინებისას ქვეყნის ყველა კუთხიდან შემოკრიბა წმ. მოციქულები. დედა ღვთისა, მიუხედავად სიწმინდისა და დიდებულებისა, მაშინაც კი, როცა ემუქრებოდა უბედურება და გაჭირვება, არ ეყრდნობოდა საკუთარ მადლიან ძალებს, არამედ მან თვით გვასწავლა, რომ ღმერთი იფარავს ყველა ღვთისმოსავს: წყალობა მისი ნათესავიდან ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა. მიუხედავად თავისი მაღალზნეობისა, არ ავიწყდებოდა აღესრულებინა ღვთისმოსავის ვალდებულებანი: ისიც, ვითარცა ერთ დროს მისი ძე და ღმერთი, მოინათლა მონის ხელით, ემორჩილებოდა განწმენდის წეს–ჩვეულებას, რომელსაც მოსეს სჯული ავალებდა; ყოველ წელს, დღესასწაულთა დროს, მოინახულებდა იერსალიმის ტაძარს. ყოვლადწმიდა არასოდეს ივიწყებდა ახლობლებს. უყვარდა გარეშენი (უცხონი).
    წმ. ამბროსი ამბობს: არავინ გაუნაწყენებია არასდროს, არ იცოდა შეზიზღება, ყველაზე უბდრუკი ადამიანიც კი არ სძაგდა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნდა და მიძინების წინ ღატაკებს თავისი ტანსაცმელი დაურიგა. ჰქონდა წმინდა სიყვარული თავისი მამულის ჭეშმარიტი სიკეთის მიმართ. გული მისი გამოუთქმელი სიხარულით ივსებოდა, სულ უფალს განადიდებდა... უყვარდა მტერნიც: როცა მის ძეს ჯვარს აცვამდენენ, არავის მის ბაგეთაგან არათუ შეურაცხმყოფელი, არამედ მოუთმენელი სიტყვებიც კი არ სმენია!
    წმ. ეპიფანე და ნიკიფორე ამბობენ: ნებისმიერ შემთხვევაში ის ინარჩუნებდა პატივსაცემ დარბაისლობას და იყო უცვლელი. ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, მხოლოდ აუცილებელსა და სასიკეთოს; სიტყვები მისი იყო ტკბილი; სიამოვნებით უსმენდა სხვებს და თითოეულს შესაბამის პატივს მიაგებდა, თავის საუბრებში ყოველთვის კეთილსახირებას ინარჩუნებდა, არასოდეს იცინოდა და არ იცოდა შეცბუნება; დამოკიდებულება ჰქონდა მშვიდი და ურისხველი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები