მოწამენი: იულიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი,ბასილისა და მარიონილა, შვიდი ყრმა და ოცი მხედარი

მოიხსენიება 8 იანვარს (ახალი სტილით: 21 იანვარს)
წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მისი მტანჯველის, იგემონ მარკიანეს ვაჟი - კელსი. როცა მარკიანეს მეუღლემ, მარიონილამ იხილა, თუ როგორ გააცოცხლა ლოცვის ძალით იულიანემ ერთი ახალგარდაცვლილი წარმართი, ამ უკანასკნელთან ერთად თავადაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ხუცესმა ანტონიმ სამივე მონათლა (მკვდრეთით აღმდგარს ანასტასი უწოდა). აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.