ღირსმოწამე ქაიხოსრო ქართველი (ჩოლოყაშვილი)

მოიხსენიება 16 ივნისს (ახალი სტილით: 29 ივნისს)
ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლაში".

ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: ".და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი." ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის "წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ" (1612).