წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი

მოიხსენიება 2 იანვარს (ახალი სტილით: 15 იანვარს)
წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა კვირინმა განსწავლა და ჭეშმარიტ ქრისტიანად აღზარდა ყმაწვილი. სილიბისტრომ მოყვასის მსახურების ღვაწლი იტვირთა. იგი განსაკუთრებით უცხოთა შეწყნარებაზე ზრუნავდა. საკუთარ სახლში ივრდომებდა და განუსვენებდა მათ. დევნილობის დროს წმიდანმა უშიშრად შეიფარა აღმსარებელი ტიმოთე, რომელმაც ერთ წელზე მეტი დაჰყო მასთან და თავისი ქადაგებებით მრავალი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ტიმოთეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ სილიბისტრომ ფარულად წაასვენა და პატივით დაკრძალა მისი ცხედარი. როცა ეს ქალაქის თავმა ტარკვინიუსმა გაიგო, წმიდანი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს, თან ტანჯვითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქრისტეს მხნე აღმსარებელი არ შედრკა. მაშინ იგი დილეგში ჩააგდეს. მალე ტარკვინიუსი მოკვდა და წმიდანიც გაანთავისუფლეს. იგი უშიშრად ახარებდა ღვთის სიტყვას წარმართებს და მრავალს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. ოცდაათი წლის სილიბისტროს დიაკვნად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პაპმა მარცელინმა (296-304) მღვდლადაც აკურთხა, პაპ მელქიადის (311-314) მიცვალების შემდეგ წმიდანი რომის ეპისკოპოსი გახდა. ის გულმოდგინედ იღწვოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა.

მღვდელმთავარი სილიბისტრო განთქმული იყო წმიდა წერილის ცოდნითა და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი ერთგულებით. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს, როცა ქრისტიანთა დევნულობა შეწყდა, იუდეველებმა გამართეს დისპუტი ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ: მოციქულთასწორი იმპერატორი კონსტანტინე, მისი დედა – დედოფალი ელენე და მრავალი დიდებული. ქრისტიანთა მხრიდან კამათში მონაწილეობდა პაპი სილიბისტრო, იუდეველთაგან კი – მრავალი სწავლული რაბინი ცნობილი მაგის და ჯადოქარ ზამბრის მეთაურობით. ძველი აღთქმის წიგნებზე დაყრდნობით წმიდა პაპმა დამაჯერებლად დაადასტურა, რომ ყველა წინასწარმეტყველი წინასწარ ჭვრეტდა იესო ქრისტეს შობას წმიდა ქალწულისაგან, მის ნებსით ჯვარცმას, ვნებას და სიკვდილს დაცემული ადამის გამოსასყიდლად და ბრწყინვალე აღდგომას. წმიდა სილიბისტრო გამარჯვებულად სცნეს ამ სიტყვიერ ჭიდილში. მაშინ ზამბრი შეეცადა, ჯადოთი მოეხიბლა მღვდელმთავარი, ის კი იესო ქრისტეს წმიდა სახელის მოხმობით იგერიებდა მოძალებულ ბოროტს. უღონოქმნილმა მაგმა სხვა იუდეველებთან ერთად ქრისტეს ძლიერება ირწმუნება და ნათლისღება ითხოვა.

წმიდა პაპი სილიბისტრო რომის ეკლესიას ოცზე მეტი წლის განმავლობაში განაგებდა და ქრისტიანთა ღრმა პატივისცემით სარგებლობდა. იგი მშვიდობით მიიცვალა 335 წელს.