image
image
12
13
14
Loading..
image

თემა: სიმდიდრე,  ფსალმუნები

338. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: "სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა" (ფსალმ. 61.10)?თუ დაინახე, რომ ვინმეს გარდამეტებული სიმდიდრე აქვს, მის სიცოცხლეს ნეტარებად ნუ მიიჩნევ. უკეთუ შენთან ფული ყოველი მხრიდან და უხვი წყაროებიდან მოედინება, მის სიჭარბეს შენამდე ნუ მოუშვებ. „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის!“ – გაგაოცოს ამ სიტყვებმა. სიმდიდრის თვისება მდინარებაა. უსწრაფესად ნიაღვრისა მიედინება იგი მის მფლობელთა შორიახლოს და ჩვეულებრივ ხან ერთთან მიდის და ხან მეორესთან. ვითარცა მდინარე, სიღრმიდან დაქანებული, ნაპირზე მდგომს მიუახლოვდება და შეეხება თუ არა, მყისვე განშორდება, ასევე ტკბობაც, სიმდიდრისაგან გამოწვეული, ფრიად სწრაფად ჩნდება და ქრება, რადგან ჩვევად აქვს ერთიდან მეორესთან გადავიდეს. ეს მინდორი დღეს ერთს ეკუთვნის, ხვალ მეორეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი უკვე სხვისია. შეხედე ქალაქში სახლებს! თავიანთი არსებობის დღიდან უკვე რამდენი სახელი გამოუცვალეს, იხსენიებენ რა ხან ერთი და ხან მეორე პატრონის სახელით. ოქროც მუდმივად მიედინება მისი მფლობელის ხელიდან მეორის ხელში, ხოლო მეორიდან კიდევ მესამისაში და ასე განუწყვეტლივ. უფრო ადვილად შეიძლება წყლის ხელში დაჭერა, ვიდრე ის, რომ სიმდიდრე შენთან ხანგრძლივად გააჩერო. ამიტომაც მშვენივრადაა თქმული: „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“. ნუ გაგიტაცებს იგი შენ სულით, არამედ მისგან სარგებლობა მიიღე; ნუ შეიყვარებ მას ზომაზე მეტად და როგორც ერთი სიკეთეთაგანი, ნუ გაგაკვირვებს, არამედ გამოიყენე იგი ვითარცა იარაღი, რომელიც შენ უნდა გემსახუროს.
link
image

თემა: ფსალმუნები

648. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“ (ფსალმ. 32.5)?თუ სამსჯავრო ღვთისა თავისთავად იმოქმედებდა და იმისდა მიხედვით, რასაც ჩვენი საქმეები იმსახურებენ, მთელი სისასტიკით მოგვაგებდა, რისი იმედი გვექნებოდა? ან ადამიანთაგან ვინ გადარჩებოდა? მაგრამ „უყუარს წყალობა და მსჯავრი“. იქცევა რა მოწყალედ, ვითარცა მოზიარე მსაჯულის ტახტისა, ისე გამოჰყავს თითოეული სამსჯავროს წინაშე. „უკუეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს“ (ფსალმ. 129.3). არც წყალობაა მისი სამსჯავროს გარეშე და არც სამსჯვარო – გარეშე წყალობისა. სამსჯავრომდე მას „უყვარს წყალობა“ და მხოლოდ წყალობის შემდეგ მოდის სამსჯავროზე. მასთან წყალობა და სამსჯავრო შეუღლებულია, რათა მხოლოდ წყალობამ არ დაგვაძაბუნოს და მხოლოდ სამსჯავრომაც სასოწარკვეთამდე არ მიგვიყვანოს. მსაჯულს სურს შეგიწყალოს და თავისი გულუხვობის მონაწილედ გაქციოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ნახავს, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მორჩილი და მწუხარე გახდი, შენს ბინძურ საქმეთა გამო მრავალი ცრემლიც დაღვარე, ფარულად ჩადენილი, სირცხვილის გარეშე სახალხოდ აღიარე და ძმებს სთხოვე, რომ შენთან ერთად გაეწიათ ჯაფა ?????????????და შენი განკურნებისთვის. ერთი სიტყვით, უკეთუ დაინახავს, რომ შენ ღირსი ხარ შწყალებისა, უშურველად მოგანიჭებს თავის წყალობას, მაგრამ როცა შენში სინანულის განუცდელ გულს, ამპარტავან გონებას, მომავალი საუკუნის ურწმუნოებასა და სამსჯავროს წინაშე შიშის არქონას აღმოაჩენს, მაშინ შენთვის სამსჯავროს შეიყვარებს, ვითარცა დახელოვნებული და კაცთმოყვარე ექიმი, რომელიც პირველად სიმსივნის შემსუბუქებას საფენებითა და ნაზი მალამოებით ცდილობს, მაგრამ როცა დაინახავს, რომ სიმსივნე არა თუ ცხრება, არამედ პირიქით, უფრო მაგრდება, მაშინ ზეთსა და მალამოებს განზე გადადებს და ბოლოსდაბოლოს ბასრ იარაღს გამოიყენებს. ამიტომაც უყვარს წყალობა მონანულთა ზედა, მაგრამ ამავე დროს მსჯავრი ჯიუტთა მიმართ.
link
image

თემა: რწმენა,  ათეიზმი ურწმუნოება,  ფსალმუნები

424. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან" (ფსალმ. 32, 4)?რას ნიშნავს ნათქვამი? მისი საქმეა ცა, საქმეა დედამიწა, საქმეა ზღვა, ჰაერი, ყველა უსულო და სულიერი, გონიერი და არა გონიერი. ესენი ყოველნი როგორღა არიან სარწმუნოებით? როგორი რწმენა აქვთ უსულოებს? როგორია რწმენა გონების არმქონეთა? როგორია რწმენა ქვისა? როგორია რწმენა ძაღლისა? არც უსულო და არც არგონიერი რწმენით არაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამონათქვამი არაფერს გამორიცხავს, პირიქით, ყოველივეს მოიცავს, როცა გვამცნობს: „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან“. ამიტომაც, რას ნიშნავს ნათქვამი? ფსალმუნი ამბობს: უკეთუ ხედავ ზეცას და წესრიგს მისას, ეს უნდა იყოს შენთვის მეგზური რწმენისა, რადგანაც ჩვენ არა ხორციელი თვალებით შემეცნების შედეგად ვირწმუნეთ ღმერთი, არამედ ძალით გონებისა – ხილულის მეშვეობით განვჭვრიტეთ უხილავი. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“, ქვაც რომ შეისწავლო, შემოქმედის ძალას რამდენადმე ისიც გაჩვენებს. იმავეს აღმოაჩენ, თუკი ჭიანჭველას, კოღოს ან კიდევ ფუტკარს გამოიკვლევ. ხშირად უმცირეს საგნებშიც კი ჩანს სიბრძნე დამბადებელისა. რადგანაც, ვინც ზეცა გადაჭიმა და ზღვათა უსაზღვრო სივრცენი აღავსო, ეს არის ის, ვინც ფუტკრის უწვრილეს ნესტარს, ვითარცა სალამურს, შიგნით გასასვლელი დაუტოვა, რათა იქედან შხამი გადმოღვრილიყო. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“. დაე, შენ ურწმუნოებამდე ნურაფერი მიგიყვანს. ნუ იტყვი: ეს შემთხვევით მოხდა, ეს კიდევ თავისთავადო, რადგანაც იმაში, რაც არსებობს, არაფერია ქაოსური, განუსაზღვრელი, ამაო და შემთხვევითი. ნუ იტყვი სიტყვებს: "ბოროტი შემთხვევა", ან კიდევ "არა კეთილი ჟამი". ეს უბირთა სიტყვებია.
link
image

თემა: ეკლესია,  ფსალმუნები

477. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად–პირადად“ (ფსალმ. 44, 9)?ამჯერად წინასწარმეტყველი ეკლესიაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ქება–ქებათა გვატყობინებს, რომ „ერთ არს ტრედი სრული“ (ქებ. 6.8) ქრისტესი, რომელიც კეთილი საქმეებით განთქმულებს ქრისტეს მარჯვნივ მიიღებს და ვითარცა მწყემსი ცხოვარს თხისაგან, მათ უკეთურთაგან გამოარჩევს. ამგვარად წარდგება დედოფალი ე.ი. უცოდველი სული, სიძე – სიტყვასთან შეუღლებული და ნაზიარები ქრისტეს სამწყსოსთან, წარდგება მარჯვნით მაცხოვრისა სამოსლითა ოქროქსოვილითა ანუ სულიერი მოძღვრებების მრავალფეროვანი ქსოვილით დიდებულად და წმინდად მოკაზმული. რამდენადაც დოგმატები ერთგვარნი როდია, არამედ ნაირ–ნაირი და მრავალსახოვანი, თავის თავში მოიცავენ რა ზნეობრივ, ბუნებისმეტყველურსა და დაფარულ სწავლებებს, ამიტომაც როგორც ფსალმუნი ამბობს: ფერად–ფერადია სამოსელი პატარძლისა.
link
image

თემა: ფსალმუნები

549. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“ (ფსალმ. 32.12)?არავინ ჩათვლის ნეტარად იუდეველთა ერს, არამედ ხალხს, რომელიც უპირატესად სხვა ერებისგანაა ამორჩეული, რადგანაც ჩვენ ვართ ნათესავი, ვისთვისაც უფალი ღმერთია, ჩვენ ვართ ხალხი, „რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“; ნათესავი იმდენად, რამდენადაც მრავალი წარმართისაგან შევიკრიბეთ, ხოლო ხალხი, რამდენადაც, გაკიცხული ხალხის ნაცვლად ვართ მოწოდებული. ხოლო რადგანაც „მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათ. 20, 16), ნეტარებას მიანიჭებს არა მოწვეულებს, არამედ რჩეულებს. „ნეტარ არს რომელ გამოირჩია“ და რა არის მიზეზი ნეტარებისა? მემკვიდრეობა მარადიულ სიკეთეთა, რომელიც გველის, ან მოციქულის მიხედვით „ვიდრემდე სავსება იგი წარმართთა შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს“ (რომ. 11, 25–26). პირველად ნეტარებას წარმართებს მიანიჭებს, ხოლო შემდეგ ბოლოსდაბოლოს გადარჩენილ ისრაელიანებსაც, მაგრამ არა ყველას, არამედ ნეშტს, ანუ იმას, ვისაც მადლი ამოარჩევს. ამიტომაცაა ნათქვამი „ერი რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“.
link
image

თემა: ფსალმუნები,  ცოდვა

729. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა“ (ფსალმ. 1,1)?რომელ საჯდომელზე ამბობს, იმაზე, რომელზედაც სხეულს ვასვენებთ ხოლმე? და რა დამოკიდებულება აქვს ხეს ცოდვასთან, რომ სკამს, რომელზეც ადრე ცოდვილი იჯდა, ვითარცა ვნების მომტანს, გავექცეთ? თუ უნდა მივიჩნიოთ, რომ სკამში აქ ცოდვისა და ბოროტების ჯიუტი და მყარი მხარდაჭერა იგულისხმება? ამას კი მართლა ვერიდოთ, რადგანაც ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევანი ყალიბდება, ხოლო როცა ეს ჩვევანი, რაც ხშირად ხდება, კაცის ბუნებად იქცევა, დაძველებული ვნება სულისა და დროით განმტკიცებული ფიქრები ბოროტებაზე ან ძნელად განიკურნება, ან კიდევ სრულიად განუკურნებელია. ამიტომაც უნდა გვქონდეს სურვილი, რომ ბოროტებას არც კი შევეხოთ. არის მეორე გზაც, მყისვე გავექცეთ მას, ვითარცა ნატყორცნს მშვილდოსნისას. სოლომონიც ხომ ამასვე ამბობს ბოროტ ქალზე: „ბოროტ ქალზე მზერას ნუ შეაჩერებ, არამედ განერიდე და ნუ გაუჩერდები“ (იგავ. 9, 18). ახლაც ვიცი ისეთები, რომელთაც სიჭაბუკეში წარიწყმიდეს ხორციელი ვნებებით თავი და ჭაღარით შემოსილნიც კი ბოროტი ჩვევის გამო ცოდვას ჩადიან... ამგვარად, ნეტარია ის, ვინც ბოროტებაზე არც კი ფიქრობს. უკუეთუ მტრისგან შეპყრობილ სულში ბოროტ ზრახვებს შეიწყნარებ, ცოდვაზე ნუ დადგები, ხოლო თუ მაინც დაემორჩილე, ბოროტებაში ნუ განმტკიცდები. ამიტომაც ნუ დაჯდები „საჯდომელსა უშჯულოთასა“.
link
image

თემა: სიმდიდრე,  ფსალმუნები

923. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაყვეს დიდება მისი მისთანა“ (ფსალმ. 48.17,18)?„ნუ გეშინინ“ გვეუბნება წინასწარმეტყველი, „რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. ამის ქადაგებაც აუცილებელია მათთვის, ვინც სამყაროში ცხოვრობს – მიწისაგან შობილებისა და ძეთა კაცთათვის, მდიდართა და გლახაკთათვის. „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“. გვეუბნება: როცა დაინახავ, რომ უსამართლო მდიდარი გახდა, ხოლო მართალი – ღატაკი, შენთვის ნუ შეგეშინდება და ნუ შეგაცბუნებს ფიქრი იმის თაობაზე, რომ ღვთის განგება, რომელიც ადამიანთა საქმეებს ზედამხედველობს, ან საერთოდ არ არსებობს, ან კიდევ არსებობს, მაგრამ დედამიწაზე ვერ აღწევს, რათა ჩვენს საქმეებსაც შეეხოს. განგებას რომ თითოეულისათვის მისი თვისებებისდა მიხედვით მიეზღო, მაშინ მდიდარნი მართალნი იქნებოდნენ, ხოლო უკეთურები – ღატაკები. ამგვარად, რამდენადაც წარმართებსა და მიწისაგან ნაშობთა შორის ასე მრავალი ფიქრობს და ხედავს რა არათანაბრად განაწილებულ სიკეთეს, ასკვნის, რომ განგებამ სამყარო მიატოვა. ფსალმუნი მათ მიმართავს და უმეცრებით გამოწვეული ფიქრების მღელვარებას უცხრობს, ისევე როგორც დასაწყისშიც იხმო ისინი შეგონებათა მოსასმენად. ისიც შესაძლებელია, რომ წინასწარმეტყველი საკუთრივ გლახაკს მიმართავდეს, როცა ამბობს: „ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი“, რადგანაც ღარიბებს განსაკუთრებით სჭირდებათ ნუგეშისცემა, რათა მძლავრების არ შეეშინდეთ. სიკვდილის ჟამს მდიდარი სიმდიდრით ვეღარ ისარგებლებს, რადგან მისი თან წაღება არ შეუძლია; სიმდიდრით ტკბობისაგან მან მხოლოდ ის მოგება ნახა, რომ ამ ცხოვრებაში მის სულს მლიქვნელები ეალერსებოდნენ. „რამეთუ არა სიკუდილსა მისა წარიღოს“ ამბობს, „ყოველი“ ეს სიმდიდრე, არამედ ძლივს წარიტანს თან სამოსს სირცხვილის დასაფარად და სუდარას დასამარხად. ამიტომაც აწმყოს შემხედვარე სულმოკლე ნუ იქნები, არამედ იმ ნეტარსა და დაუსრულებელ ცხოვრებას ელოდე და მაშინ დაინახავ, რომ სიღატაკე, უსახელობა და სიამოვნებათა მოკლება მართლისათვის სიკეთედ იქცევა. ნუ აღუდგები, როცა შეამჩნევ, რომ მოჩვენებითი სიკეთენი ახლა თითქოსდა უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მოისმენ, როგორ ეტყვიან მდიდარს: „მიიღე შენი კეთილი ცხოვრებასა შინა“, ხოლო გლახაკს – რომ მან თავის სიცოცხლეში ბოროტი მიიღო. ამიტომაც ერთი სამართლიანად იქნება ნუგეშცემული, ხოლო მეორე კი დაიტანჯება (ლუკ. 16, 25).
link
image
image
12
13
14