image
ავტორი: ილია II

თემა: შობა


საშობაო ეპისტოლე - 1981

ღვთივკურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა,
    და სოფელმან იგი ვერ იცნა (იოანე 1,10)

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივრჩეულნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო დასო, ბერნო და მონოზონნო, ჩვენი ეკლესიის ღირსეულნო შვილნო, უცხოობაში მყოფნო მამულიშვილნო!
    ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ასევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე, ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოაფენენ ჩვენს ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). მინდა მოგაგონოთ ამ ნათლით მოსილ დღეს, რომ ოქროს სასახლეებსა და ბროლით ანაგებ კოშკებს მადლი და სითბო არასოდეს მოუფენიათ ჩვენი მიწისთვის, ბეთლემის მადლი და საოცრება კი იხილეს ჩვენმა წინაპრებმა თავისი თვალით, და იმავ მადლს ვხედავთ დღესაც ჩვენი გონებით... იშვა ბეთლემში ის, ვისთანაც ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია (ინ. 1,4-5). დიახ, სწორედ ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა, და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისათვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას.., და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...
    ...რომ შევიცნოთ და შევისისხლხორცოთ ეს უდიდესი საიდუმლო, ამისათვის სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევსძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა...
    სარწმუნოება უნდა ანათებდეს ჩვენს შინაგან სამყაროს და შინაგანი სამყაროც მზად უნდა იყოს, რომ შეიცნოს, თუ საიდან მოდის ეს ნათელი, და მიიღოს იგი... მაშასადამე, სარწმუნოების ნათელს გულმა და გონებამ თავისი ნათელი უნდა დაახვედროს, ამ ორი ნათელის შერწყმით ამაღლდება სულიერად ადამიანი, და ამ გზით იგი ღვთისაგან ბოძებული მაღალი გონებით იხილავს ღმერთს: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მთ. 5,8).
    ამ უნათლეს დღეს ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სამწყსოს შობას უფლისას და ვუსურვებთ, რომ ისე ამაღლებულიყოს ქრისტეს მოყვარულ ჩვენს მშრომელ ხალხში ცოდნა და მასთან სარწმუნოება, რომ ერის სულიერ თვალს ჭეშმარიტად დაენახოს და გაეგოს, თუ რა დიდია ბეთლემი, გოლგოთა და ამაღლების მთა...
    ადამიანის, ოჯახის, საზოგადოებისა და დღევანდელი კაცობრიობის ცხოვრებას მრავალგვარი თავისებურება ახასიათებს, ერთერთი იმათგან არის ის, რომ მეცნიერება და ხელოვნება კაცობრიობის არსებობის მუდამ განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ დღევანდელმა ცივილიზებულმა ინდუსტრიულმა გონებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ბეთლემის გამოქვაბულში შობილმა ჭეშმარიტებამ, ხორცშესხმულმა ღმერთმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, პირველმა მოჰფინა ნათელი მეცნიერების წინსვლას, ხოლო ხელოვნების ისტორია ქვეყნის შექმნის დღიდან იწყება და პირველი მიუწვდომელი ხელოვანი ღმერთია თავად... თავი და თავი ის არის, რომ მეცნიერება და ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს იმ ღვთიურ მადლსა და სიკეთეს, რომელიც ნერგავს ხალხთა შორის პროგრესს, სიხარულს, რწმენას, სიყვარულსა და ურღვევ მეგობრობას.
    ყოველმა მეცნიერმა უნდა იცოდეს, რა შედეგი მოჰყვება მის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს, რას მოუტანს მისი ნაღვაწი ხალხებს: სიკეთეს თუ დაღუპვას. ა.ეინშტეინი ამის შესახებ წერდა: "როდესაც მე თავი მეცნიერებას მივუძღვენი, ვხელმძღვანელობდი არა ისეთი გარეგნული მოტივებით, როგორიცაა ფულის მოპოვება, ან საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და არც იმით (უკიდურეს შემთხვევეაში, არა მხოლოდ იმით), რასაც ხშირად სპორტად თვლიან ან ტვინის ვარჯიშად, რაც დიდ სიამოვნებას მაყენებს. არამედ როგორც მეცნიერებისაკენ მიდრეკილისათვის, ჩემთვის ძირითადს ერთი საკითხი წარმოადგენს. რა სურს, ან რა მიზანს ისახავს ის მეცნიერება, რომელსაც მე თავი მივუძღვენი? რამდენადაა მისი ძირითადი შედეგები დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან". (ტ.IV, 27-28). ხელოვნება კი, ღვთისაგან მონიჭებული ის სიკეთეა, რომელიც მთლიანად ეხება ადამიანთა არა ხორციელ ბუნებას, არამედ მის სულიერ სამყაროს. რამდენადაც მეტად მაღლდება ჩვენი სულიერი სამყარო, იმდენად მეტად ვუახლოვდებით ოცი საუკუნის წინანდელ ბეთლემს და ვმაღლდებით იმისაკენ, ვინც წარმოუდგენლად მაღლა დგას მეცნიერებასა და ხელოვნებაზე.
    ჩვენ ვულოცავთ ჩვენს სიცოცხლის უნარიან ერს შობას უფლისას და ვუსურვებთ ბრწყინვალე გზით მიმავალ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებსა და ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს, რომ ქრისტეს ნათელი და ჭეშმარიტება გაძღოლოდეთ მათ თავიანთი დიდი მოღვაწეობის სახელოვან გზაზე, ჩვენი სამშობლოსა და მისი შვილების საკეთილდღეოდ.
    არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე.
    ცნობილია, რომ ყველა ხალხი, რომელმაც კი ქრისტიანობა მიიღო და შეიყვარა, სულიერი კულტურის აყვავების გზას დაადგა. ქართველ ხალხს კი ქრისტიანულმა მადლმა გაცილებით მეტი მოუტანა, ვიდრე სულიერი კულტურის აყვავებაა. ქრისტიანობის გარეშე ჩვენ, როგორც თვითმყოფადი ერი, ვერ ვიარსებებდით, მოვკვდებოდით... უფრო სწორად, დაახრჩობდა მღვრიე ტალღები ჩვენს ლამაზ კუნძულს... მოგვსპობდა ის გარემოცვა, ის ურჩხული, სისხლით დამთვრალი, ვერ აიტანდა ჩვენს სულსა და ქრისტიანობას... მაშასადამე, ქრისტიანობამ მოგვანიჭა გადარჩენა, შეგვინარჩუნა ეროვნული სიცოცხლე და თავისუფლება.
    ქრისტიანობამ შეძლო მიეცა მისი მიმდევარი ყველა ხალხისათვის წინსვლისა და აყვავების დიდი უნარი, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი კარგად ჩამოყალიბებულ იდეებსა და იდეალებს წარმოადგენდა, არამედ იმ ღვთიური მადლისა და განგებულების შედეგად, რომელიც ღვთის ნებით უნდა მოჰყოლოდა ქრისტიანობას... და მას მოჰყვა იგი, მოჰყვა ნათელი დიდი "ნათლისაგან ჭეშმარიტისა".
    ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა.
    თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...
    ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... თუ არა ქრისტიანული მადლი, ვინ დაბადებდა ისეთ გმირებს, როგორებიც იყვნენ: თორნიკე ერისთავი, დავით და კონსტანტინე, შალვა, ბიძინა და ელიზბარი, მღვდელი თევდორე. მაშასადამე, ქრისტიანობამ მოუტანა საქართველოს ბევრი რამ კარგი და სასახელო. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ერს ამ ბრწყინვალე დღეს ქრისტეს შობისას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ქრისტიანული გზითა და აზრით ეტარებინოს თავისი მარად აღმავალი სული და მისწრაფება... ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
    ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.
    ჩვენი მხნე, სიცოცხლისა და თავისუფლების წყურვილით აღვსილი ხალხი, საუკუნეების მანძილზე აყალიბებდა ჩვენს დიდებულ უნიკალურ ენას. ამ ენაზე შეიქმნა უძველესი ჩვენი მწერლობა, ამ ენაზე დაიწერა "წამებაი წმიდისა შუშანიკისა", მთელს მსოფლიოში უსაჩინოესი "ვეფხისტყაოსანი" და ბევრი სხვა. ამ ენაზე მეტყველებდნენ გელათისა და იყალთოს აკადემიებში, ეს ენა ჟღერდა სინას მთაზე, წმიდა ათონზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ამ ენაზე ქმნიან თავიანთ შრომებს ჩვენი ბრძენი მეცნიერები ჩვენს სახელოვან მეცნიერებათა აკადემიაში, და ჩვენს კურთხეულ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებში. ქართველ ხალხს ღრმად აქვს შეგნებული, რომ "რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს, ჩირქი მოეცხოს ტაძარსა წმიდას" (გრიგოლ ორბელიანი). ამიტომ უყვართ თავისი ენა საქართველოს გულკეთილ შვილებს.
    ჩვენ ვულოცავთ შობას უფლისას ჩვენს ღვთივგანბრძნობილ მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების სიყვარულით შთაგონებულ შემოქმედებს და ვუსურვებთ, რომ მომავალშიც არ დაეზოგოთ გონიერება და ენერგია ჩვენი ერის სრულყოფისათვის, ჩვენი უძველესი მწერლობისა და ზეგარდმო მადლით ამაღლებული პოეზიის კიდევ მეტად ამაღლებისათვის, მეცნიერების წინსვლისა და ტექნიკური პროგრესისათვის.
    ამ დიდებულ დღეს მე არ შემიძლია გვერდი ავუარო და არ შევეხო სამშობლოს სიყვარულის საკითხს. სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი... ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუჲ არ გაიცვლების სხვაზედა", და "როგორც უფალი, სამშობლოც, - ერთია ქვეყანაზედა".
    სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი... ეგოიზმის ყოველგვარი გამოვლინება, რა საკითხში და რა საქმეშიც არ უნდა იყოს იგი, უცხოა და მიუღებელი ქრისტიანობისათვის. ამიტომ, სამშობლოს სიყვარული შოვინისტურ გრძნობათა ნაყოფი კი არ უნდა იყოს, არამედ ნაყოფი იმ მარად უჭკნობი ხისა, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.
    ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. ალბათ უკვე დადგა დრო, როდესაც უნდა შეიცვალოს ჩვენი თვალსაზრისი, დადგა დრო, როდესაც ეკონომიკურ კონცეფციებთან ერთად უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულიერსა და კულტურული განვითარების დონეზე, ეკონომიკურ კეთილდღეობას არ მოაქვს ბედნიერება. ნივთები, რომლებიც სულ უფრო და უფრო ავსებენ ჩვენს ყოფას, კარგავენ თავიანთ ღირებულებას. უპრეცედენტო, მატერიალური განვითარება წარმოშობს უპრეცედენტო სიმახინჯეებს, ეგოიზმს, უნიათობას და სულიერ სიცარიელეს. დღეს, როდესაც ასეთი თავგამოდებით ვზრუნავთ სხეულზე და ვივიწყებთ სულს, შეძენისა და მოხვეჭის ორომტრიალში გართულთ გვავიწყდება, რომ ამ დროს ერთდროულად ვკარგავთ სულსაც და ხორცსაც.
    თესალონიკის მთავარეპისკოპოსი წმიდა გრიგოლ პალამა ამბობს, ადამიანი რეალურად კვდება იმ მომენტში, როცა კარგავს ღვთის მადლს და ეზიარება ცოდვას. სულის სიცოცხლე, - ამბობს იგივე მამა, შესაძლებელია ღმერთთან კავშირში, ისევე როგორც ჩვენი ხორცის სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ სულთან კავშირში.
    ქრისტესმიერ ჩემო შვილებო!
    საყვარელო ქართველო ხალხო!
    წუთი წუთს მისდევს, საათს საათი, დღეებს დღეები ენაცვლებიან, ერთი წლის ნაცვლად მეორე დგება და იფურცლებიან ამდაგვარად უთვალავი საუკუნენი... მარადიულობისათვის, რომლის შვილებიც ჩვენ გახლავართ, ეს ყოველივე არარას ნიშნავს... ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
    ჩვენ შევსთხოვთ ქრისტეს შობის ცხოველმყოფელ მადლს, რომ მშვიდობა ყოფილიყოს მთელს ქვეყანაზე. შრომის სუფევა გვირგვინია და უშრეტი წყარო ადამიანთა ამქვეყნიური ბედნიერების. ჩვენ შევსთხოვთ უფალს, ამ დღეს შობილს, რომ მისი მადლითა და მოწყალებით, შრომისმოყვარე ქართველ ხალხს კვლავაც ჰქონოდეს საშუალება მშვიდობიანი შრომისა მამულის ასაყვავებლად.
    ჩვენ შევსთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ მისი წმიდა საფარველის ქვეშ ყოფილიყოს მარად საქართველო, ქართველი ხალხი და მთელი ქვეყანა.
    ეს ნათლით სავსე ქრისტეს შობის დღე გვაძლევს რწმენას და სასოებას, ჩემო ტკბილო ქართველო ხალხო, რომ ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით, რომ ჩვენ ვიქნებით ერთი სამწყსო და გვეყოლება ერთი მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
    უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშვიდობით (ფს. 28,2).
    ქრისტეს შობა
    1980/81 წწ. ქ. თბილისი
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები