1948.როგორ იყოფა საუფლო ლოცვა?
იყოფა მოწოდებად, შვიდ ვედრებად და დიდებად.
1949.როგორ იკითხება მოწოდება საუფლო ლოცვაში?
იკითხება ამგვარად:
    ,,მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა."
1950.რას შეგვახსენებს სიტყვები: ,,მამაო ჩვენო"?
შეგვახსენებს, რომ ღმერთი ყველა ჩვენგანისათვის მამაა, და ლოცვებში მას უნდა მივმართოთ, როგორც შვილებმა, სიყვარულითა და რწმენით, და არა შიშით.
1951.უნდა თქვას ქრისტიანმა ,,მამაო ჩვენო" მაშინაც, როცა განმარტოებით აღავლენს ლოცვას?
დიახ, რადგან ქრისტიანული სიყვარული მოითხოვს, რომ არა მარტო ჩვენთვის ვილოცოთ, არამედ ყველასთვის, განსაკუთრებით ერთმორწმუნეთათვის.
1952.რას შეგვახსენებს სიტყვები: ,,რომელი ხარ ცათა შინა"?
შეგვახსენებს:
    1. რომ ღმერთი უმაღლესია - გონებით მიუწვდომელი,
    2. რომ ლოცვის ჟამს გონებითა და გულით ღმერთთან უბდა ავმაღლდეთ, თვით ცათა უმაღლეს ზეცამდე.
1953.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის პირველი ვედრება?
იკითხება ამგვარად: ,,წმიდა იყავნ სახელი შენი."
1954.რატომ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთის სახელი, რომელიც ისედაც ყოვლადწმიდაა, იყოს წმიდა?
ამგვარად უნდა ვილოცოთ, რათა ყოველმა ადამიანმა აღიაროს ეს და ადიდს ღმერთი.
1955.რით შეგვიძლია განვადიდოთ ყოვლადწმიდა სახელი ღმრთისა?
შეგვიძლია განვადიდოთ ქების შეწირვით, ლოცვით და ღმრთისმოსავი ქრისტიანული ცხოვრებით.
    განმარტება
    მაცხოვარი ბრძანებს: ,,ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზაცათაისა" (მთ.5,16).
1956.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მეორე თხოვნა?
იკითხება ამგვარად:
    ,,მოვედინ სუფევა შენი."
1957.რას შევთხოვთ საუფლო ლოცვის მეორე ვედრებით?
შევთხოვთ:
    1. რომ ჩვენს სულებში ბოროტებისა და ცოდვის ნაცვლად მხოლოდ ღმერთი სუფევდეს,
    2. რომ ყოველი ადამიანი შეუერთდეს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას,
    3. რომ ადამიანთა შორის განხორციელდეს სარმრთო სჯულის საწყისი,
    4. რომ გარდაცვალების შემდგომ უფალმა ნეტარების დამკვიდრების ღირსი გაგვხადოს.
1958.რისთვის იღვწიან ადამიანები, რომელთა სულშიც ღმერთია დავანებული?
ასეთი ადამიანები იღვწიან, რათა ადამიანთა შორის სუფევდეს სიყვარული, თანხმობა, სამართლიანობა და რათა არავინ იყოს შეჭირვებული.
    განმარტება
    ღმრთის სასუფეველი უმაღლესია ამ ქვეყნად, ხოლო იმ ქვეყნად მით უფრო გაბრწყინდება. პავლე მოციქული ამბობს, რომ ,,არა არს სასუფეველი ღმრთისა საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა" (რომ.14,17). უსამართლობა, ჩაგვრა, მონობა და სხვა ეშმაკისეული შევიწროებანი - ღმრთის მეუფებისთვის უცხოა.
1959.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მესამე ვედრება?
იკითხება ამგვარად:
    ,,იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქუეყანასა ზედა."
1960.რას ვითხოვთ, როდესაც ვამბობთ: ,,იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქუეყანასა ზედა"?
ვითხოვთ:
    1. რათა უფალი შეგვეწიოს მისი უწმიდესი ნების აღსრულებაში ამქვეყნად ისე, როგორც ამას აღასრულებენ ზეცაში ანგელოზები.
    2. რათა უფალმა მოგვცეს ძალა, რომ მისი წმიდა ნების აღმასრულებელნი ვიყოთ მუდამ, თვით განსაცდელების ჟამსაც კი.
1961.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მეოთხე ვედრება?
იკითხება ამგვარად:
    ,,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს."
1962.რას შევთხოვთ, როცა ვამბობთ: ,,პური ჩვენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს"?
ვითხოვთ, რომ ყოველ დღე უფალმა მოგვცეს პური და ყოველივე, რაც აუცილებელია სხეულისა და სულისთვის.
1963.რა არის აუცილებელი ჩვენი სხეულისთვის?
ჩვენი სხეულისთვის უპირველეს საჭიროებას წარმოადგენს: საკვები, სამოსი, საცხოვრებელი.
1964.რა არის ჩვენი სულისთვის პური არსობისა?
ჩვენი სიცოცხლისთვის პური არსობისა არის:
    1. ღმრთის სიტყვა,
    2. ხორცი და სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი,
    3. ყოველი გულწრფელი ლოცვა.
    განმარტება
    მაცხოვარმა ბრძანა: ,,არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მთ.4,4) და კიდევ: ,,ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს" (ინ.6,55).
1965.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მეხუთე ვედრება?
იკითხება ამგვარად: ,,და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თაამდებთა მათ ჩუენთა."
1966.რას მიგვანიშნებს უფლის მეხუთე ვედრება?
გვავალებს, ვითხოვოთ უფლისაგან შენდობა ცოდვათა ჩვენთა ისევე, როგორც ჩვენც გვმართებს შევუნდოთ ჩვენს მაწყენართ.
1967.აუცილებელია, რომ შევუნდოთ ჩვენს მაწყენართ, რათა ღმრთისგან ჩვენი ცოდვების შენდობა მივიღოტ?
ეს აუცილებელია. თვით უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6,15).
    განმარტება
    მიტევების აუცილებლობის შესახებ მაცხოვარმა ბრძანა აგრეთვე: ,,უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგე სენოს შენ, ვითარმედ ძმა შენი გულ-ძვირ რა მე არს შენთვის, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშესაკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველსა ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შესწირე შესაწირავი შენი" (მთ.5,23-24).
1968.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მეექვსე ვედრება?
იკითხება ამგვარად: ,,და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა."
1969.რას ვითხოვთ საუფლო ლოცვის მეექვსე ვედრებით?
ვითხოვთ, რომ უფალი გვფარავდეს საცთურისაგან და შეგვეწიოს მათ დაძლევაში.
1970.რა არის საცთური?
საცთური არის ცოდვიანი ზრახვა ან სურვილი, რომელსაც შევყავართ ცოდვაში.
1971.ვინ გვინერგავს ცოდვიან ზრახვებსა და სურვილებს?
გვინერგავენ:
    1. ეშმაკი,
    2. ურიგო ადამიანები,
    3. ჩვენი საკუთარი მიდრეკილებანი ცოდვისადმი.
    განმარტება
    პეტრე მოციქული ამბობს: ,,განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყვირალი მომავალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა, რომელსა წინააღუდეგით მტკიცენი სარწმუნოებათა, უწოდეთ, იგივე ვნებათა მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით." (1პეტ.5,8-9). პავლე მოციქული ამბობ: ,,სულითა ვიდოდეთ და ხორცთა გულისთქუმასა ნუ აღასრულებთ, რამეთუ ხორცთა გული უთქუამს სულისათვის და სულსა-ორცთათვისლ და ესენი მხდომ არიან ურტიერთარს, რაითა არა რაი-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ" (გალ.5,16-17).
1972.როგორ იკითხება საუფლო ლოცვის მეშივდე ვედრება?
იკითხება ასე: ,,არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან/"
1973.რას შევთხოვთ საუფლო ლოცვის მეშვიდე ვედრებით?
შევთხოვთ, რათა უფალმა დაგვიცვას ყოველგვარი ბოროტებისაგან, განსაკუთრებით ცოდვებისგან.
1974.რატომ უშვებს უფალი ბოროტებას დედამიწაზე?
ბოროტება ღმრთის მიერ დაშვებულია ან როგორც შედეგი ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვებისა, ან ჩვენი რწმენის გამოსაცდელად - რამდენად მტკიცეა იგი.
1975.როგორ იკითხება დიდება საუფლო ლოცვაში?
იკითხება ასე: ,,შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი უკუნითი უკუნისამდე, ამინ."
1976.რას შეგვახსენებს საუფლო ლოცვაში დიდება?
შეგვახსენებს, რომ ღმერთი თვისი უსაზღვრო დიდებით მთელს ქვეყნიერებას ფლობს და შეუძლია შეიწიროს ჩვენი ლოცვა, თუკი ინებებს.
1977.რას ნიშნავს სიტყვა ,,ამინ"?
სიტყვა ,,ამინ" ნიშნავს: ,,ჭეშმარიტად, იყავნ." ეს ცხოველი სულისა გამოვლინებაა, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ვედრება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: