image

თემა: კეთილი საქმეები,  მარხვა

398. თუკი ვინმეს კეთილი საქმის გაკეთება სურს, მაგრამ მხოლოდ პირად სარგებელზე ფიქრობს, ან საკუთარი ნება ამოძრავებს, ეთვლება თუ არა მას ეს სიმართლეში?
ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე მარხვას საკუთარი ნებით რაიმეს უმატებს, ან ადამიანებისაგან განდიდებას და მისგან გამომდინარე სარგებელს ეძებს, მაშინ მისი მარხვა საზიზღრობაა ღვთის თვალში. ისრაელიანებიც მარხულობდნენ, მაგრამ ვინაიდან, მარხვის დროს, სხვებს ამცირებდნენ და საკუთარ ნებას ასრულებდნენ, ამიტომ ღმერთი წინასწარემტყველ ესაიას მეშვეობით საყვედურობდა და ეუბნებოდა მათ: „განა ეს არის მარხვა, მე რომ ავირჩიე?“ (ის. 58, 6). ასევა აქაც, ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც საკუთარი ნება ეზავება და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულით არ აღესრულება, წმინდა არაა და ღმერთს არ სიამოვნებს. ეს საღმრთო რჯულიდან შეგვიძლია შევიცნოთ; ის ამბობს: „ნუ დათესავ ყანაში ორნაირ თესლს; ნუ ჩაიცვამ მატყლისა და სელისგან მოქსოვილ ტანისამოსს“. (ლევ. 19, 19). და თუ გსურს დარწმუნდე, რომ ეს კეთილი საქმის მკეთებლებზეა ნათქვამი, ამაზე ეკლესიასტე მიგითითებს, რომელიც ამბობს: „მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი“ (ეკლ. 9, 8), რითაც გიჩვენებს, რომ საქმე ყოველთვის წმინდა უნდა იყოს. და თუ საქმეს მკეთებლის ნებით რაიმე ეზავება, მაშინ ის უკვე შებილწულია და ღმერთს არ ესათნოება. საქმეებთან დაკავშირებით უფალიც ეუბნებოდა თავის მოწაფეებს: „ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნეთ იგინი“ (მათე 7, 15-16). ამრიგად, უნდა ვეცადოთ, რომ საქმე არა რაიმე სხვა მიზნით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულისათვის აღვასრულოთ. და თუ ეს ასე არაა, მაშინ ღმერთს საქმის აღსასრულებლად აღარ ვჭირდებით, რამეთუ მას არ გაუჭირდება იმ ადამიანის პოვნა, ვისი მეშვეობითაც მისი საქმე უმწიკვლოდ შესრულდება. მაშასადამე, სიკეთის კეთებისას, ფხიზლად უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რომ როგორღაც, ჩვენი ნების გათვალისწინებამ შრომა წყალში არ ჩაგვიყაროს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები