image

თემა: კეთილი საქმეები,  მწუხარება

405. კი მაგრამ, როგორ? როდესაც სიკეთეს მწუხარების გარეშე ვაკეთებ, ნუთუ ამის გამო ის უკვე ღვთისნიერი აღარაა? და როცა მცირედ ქველმოქმედებას აღვასრულებ და გონებაში მწუხარება არ შემოდის, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ის ნაადრევად გავაკეთე და ნამოქმედარი არ ესათნოება ღმერთს? გთხოვ ჩემო მამაო, გამინათე გული.
როდესაც ვინმე, სიკეთეს აკეთებს და ხედავს, რომ მის აზრს მწუხარება არ ხვდება, მაშინ ის უდარდელობას არ უნდა მიეცეს და არ უნდა იფიროს, თითქოს ეს საქმე წუხილის გარეშე ჩაივლის; ყოველგვარი კეთილი საქმე საღმრთო გზას მიეკუთვნება, და არ ცრუობს ის, რომელმაც თქვა: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა“ (მათე. 7, 14) თუ კეთილი საქმე მწუხარების გარეშე ჩაივლის, მაშინ საქმის დამთავრების შემდეგ ის მაინც ეწვევა ადამიანს. ვინც სიკეთეს გულმოდგინედ აკეთებს, ის მწუხარებას ვერ გრძნობს; ხოლო თუ უგულოდ ირჯება, მაშინ შეიგრძნობს მას. ჩვენ ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვხვდებით, რომ მწუხარება სხვადასხვა სახით გვეუფლება და თუ ყურადღებით მოვიძიებთ, აუცილებლად მივაგნებთ მას, ან პატივმოყვარეობაში შენიღბულს (რამეთუ მასშიცაა მწუხარების მიზეზი), ან რომელიმე პიროვნებაში, ჩვენ რომ გვეწინააღმდეგება, ან კიდევ იმაში, როცა რაიმეს მოყვასის ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებთ, რომელიც შემდგომში კვლავ დაგვჭირდება, და როდესაც აღარ გვაქვს, მაშინ გვენანება ის. ამის შემდეგ სადღაა აზრი მწუხარების გარეშე? მაშასადამე, სანამ შედეგებს ვერ ვწვდებით, მანამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მწუხარება არ გვემუქრება, რამეთუ წუხილი უგუნურთათვის საქმეების შედეგებშიც ნარჩუნდება; გონიერი კი ყოველთვის ელოდება, რომ მწუხარება დღეს თუ არა, ხვალ მაინც ეწვევა და არ შფოთდება. „განვემზადე, - ამბობს წერილი, - და არა შევძრწუნდი“ (ფსალ. 118, 60). და ნეტარია ის, ვინც თვალებით ყოველთვის ამჩნევს, რომ „უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი“ (ფსალ. 23, 1), და ფიქრობს, რომ ღმერთი საკმაოდ ძლიერია და როგორც მას სურს ისე მოუგვარებს თავის მონებს ყველაფერს. ასეთ ადამიანს არ ენანება ის, რაც ქველმოქმედებისათვის გამოიყენა. ამრიგად, მწუხარება თუ მაინც გვეწვევა, დაე ცნობილი იყოს ჩვენთვის, რომ ღმერთი ამას ჩვენს გამოსაცდელად უშვებს; რამეთუ, ის არასოდეს უგულებელყოფს თავის მოშიშებს და მისი სახელით სიკეთის მკეთებლებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები