ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ბოროტი აზრები
445. როდესაც ბოროტი აზრი მომივა, შევიცნობ თუ არა მას, გულიც მაშინვე მოძრაობას იწყებს და სწრაფად უკუიქცევა მისგან, რამეთუ შიშობს, უძლურების გამო, აზრმა არ დაატყვევოს ის. და როდესაც ამას ვაკეთებ, სულში დიდ სიმძმიმეს და სივიწროვეს ვგრძნობ. გამოიჩინე კეთილი ნება და მითხარი რა გავაკეთო, როდესაც ბოროტი აზრი მოწყინებაში მაგდებს, და როგორ განვდევნო ის?
ბოროტი აზრების წინააღმდეგ სვლა იმას გულისხმობს, რომ ბოროტი აზრისაკენ არ გადაიხარო და არ დაეთანხმო მას, არამედ უშფოთველად მიმართე ღმერთს. და იმას ნუ იტყვი, შიშის გამო ვშფოთავო, ვინძლო მართლა არ დაგეუფლოს აზრი. ნათქვამის შინაარსი შემდეგი მაგალითიდან გაიაზრე: როდესაც ვინმე რაიმე საქმის გამო სხვას უჩივის და ბრალდებული ხვდება, რომ ვერ დააკმაყოფილებს მომჩივანს, მაშინ ის მდაბლდება. ხოლო თუ მას ძლიერი მფარველი ჰყავს, თამამად მიდის მასთან, დაცვას ითხოვს და აქვს რა მისი იმედი, აღარ შფოთავს. ასევეა როცა ვინმეს ავაზაკი დაესხმება და რაიმეს წაართმევს; თუ ის ავაზაკის ბუნაგს დაიმახსოვრებს, მაშინ გამგებელთან მივა და ის აკმაყოფილებს შეურაცხყოფილს და არა მარტო წართმეულს უბრუნებს, არამედ ავაზაკსაც სჯის. ასე რომ, შემოსულმა აზრმა არ შეგაშფოთოს, მაგრამ განიხილე, რა სურს მას, უშფოთველად შეეწინააღმდეგე და ღმერთს მოუხმე. შენს სახლში ავაზაკის შემოსვლა, ჯერ კიდევ არაა ბოროტება, არამედ საფიქრალი ისაა, რას გაიტაცებს ის. თუ ის შერცხვენილი წავა, მაშინ ეს სახლის პატრონს ღირსებას ჰმატებს, ავაზაკს კი სირცხვილს, რამეთუ შემოვიდა და ვერაფრის წაღება ვერ მოასწრო. უფალი, როდესაც იუდეველთა ქვეყანაში, ანუ ადამიანის გულში მოვიდა, დემონები განდევნა. ამრიგად, მას მოუხმე, როგორ მაკედონელებმა პავლეს: „წიაღ მოგუალე (მოდი) მაკედონიად და შემეწიე ჩუენ“ (საქმე მოც. 16, 9), და როგორც მოწაფეებმა უფალს: „უფალო, მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით“ (მათე 8, 25-26); და ის მაშინვე, როგორც კი გამოიღვიძებს, საცნაურ ქარებს შერისხავს და დააცხრობს, რამეთუ მისია ძალა და დიდება უკუნისამდე, ამინ.