image

თემა: სიმდაბლე

452. ვიღაცამ ერთ-ერთ მამას სთხოვა რომ მას ტრაპეზი ეხმია მასთან, მან კი უარი უთხრა. ხოლო სხვამ კი, მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ ლოცვა აღესრულებინათ მის სენაკში; ხოლო როდესაც ბერი მასთან მივიდა, მან აიძულა, რომ დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. ბერი დაჰყვა ძლიერ თხოვნას და დარჩა. გაიგო რა ეს იმან, ვინც პირველად სთხოვა ბერს, ფრიად დამწუხრდა. ღვთისნიერია თუ არა ეს წუხილი?
როდესაც ვინმე თითქოსდა კეთილი და სულის სარგო საქმისთვის შფოთავს ან მწუხარებს, და თავის მოყვასზე მრისხანებს, ცხადია მისი საქციელი ღვთისნიერი არაა, რამეთუ ყველაფერი რაც ღვთისგანაა, მშვიდია და სასარგებლო და მას ადამიანი სიმდაბლემდე და საკუთარი თავის განკითხვამდე მიჰყავს. წერილი ამბობს: „პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩელე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას“ (იგავ. 18, 17). თუ ვინმე თვლის, რომ რაღაც ღვთისნიერად სურს, მაშინ მან არ უნდა განიკითხოს და გაკიცხოს ის, ვინც მის სურვილს არ აღასრულებს, რადგან ამით მჟღავნდება, რომ მისი განზრახვა ღვთისნიერი არ იყო, რამეთუ წერილი ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). ხოლო ის, ვისი განზრახვაც ღვთისნიერია, როდესაც მას ვინმე აბრკოლებს, სწრაფად მდაბლდება, საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევს და თავის დამაბრკოლებელს წინასწარმეტყველად მიიჩნევს. რამეთუ თვლის, რომ ის, თითქოსდა მისი უღირსების ჭვრეტის გამო, შეეწინააღმდეგა მას. თუ შენ ვიღაცას ღვთის სიყვარულით შენს სენაკში მიიწვევ, ან ვინმეს, თუნდაც (მისდამი) შენი რწმენიდან გამომდინარე, რაიმეს სთხოვ, რომელსაც ის არ მოგცემს, ხოლო სხვას, რომელიც სთხოვს მას, არ შეეწინააღმდეგება და მისცემს, მაშინ არ დაუშვა, რომ მრისხანების დემონმა გული შეგიშფოთოს; რამეთუ ყოველი საქმე, რომელსაც შფოთი მოჰყვება, ღვთისგან არაა, არამედ სჯობს დამდაბლდე და თქვა: „მე უღირსი აღმოვჩნდი და ამიტომ ღმერთმა მამებს ჩემი ცოდვები და უღირსება გაუმხილა“. და ის მოგცემს თავის მადლს, რომელსაც მდაბლებს ანიჭებს (იაკ. 4, 6). რამეთუ, ვისაც სიმდაბლე აქვს, ის არ დაეძებს იმას, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ აღასრულონ, არამედ მუდმივად ქვემოთ ისწრაფვის - სიმდაბლისაკენ. გაიხსენე სახარებისეული ასისთავი, რომელმაც იესოს თავის მონაზე სთხოვა. როდესაც გაიგონა: „მე მოვიდე და განვკურნო იგი“, ესწრაფვოდა რა სიმდაბლეს, უპასუხა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“ (მათე 8, 7-8). ვინ არ ისურვებდა ამას რომ ღირსებოდა? მაგრამ სიმდაბლე ამასაც არ ეძებდა, თვლიდა რა თავს უღირსად. ხოლო გულთამხილავმა ღმერთმა, რომელიც ადამიანთა ზრახვებს ხედავს, შეაქო ასისთავის რწმენა და უთხრა: „არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე“ (მათე 8, 10). ასეთმა სიმდაბლემ მის დიდად შექებას უშუამდგომლა და მის მონას სიმრთელე მიანიჭა. საერთოდ მრავალი ნიჭი ეგზავნება სიმდაბლეს. ამიტომაც მისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ მისი მადლი და იესო ქრისტეს ქება დავიმსახუროთ, „რომელმან დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე“ (ფილიპ. 2, 8), რითაც სიმდაბლის მაგალითი გვიჩვენა. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
image
 
თემატური კითხვები