image

თემა: სიმდაბლე,  სტუმართმოყვარეობა,  წმინდანები

454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე?
დაარწმუნე, როგორც ავადმყოფმა, რომელსაც ექიმი სჭირდება; მაგრამ ისიც გახსოვდეს, ახალშობილი ყრმა სრულყოფილი კაცი უცებ არ ხდება და თანმიმდევრულად იკვებება რა სხვადასხვა სახის ნაზი საკვებით, ბოლოს მყარი საკვების მიღების უნარსაც აღწევს, რამეთუ მყარი საკვები სრულყოფილთა კუთვნილებაა (ებრ. 5, 14). ამიტომაც თქვა მოციქულმა: „სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3, 2). მაშასადამე, თუ სტუმართმოყვარეობას ვესწრაფით, ნუ ვიტყვით, რომ ამით მცნებას ვასრულებთ, არამედ ვაღიაროთ, რომ იმ ავადმყოფივით ვიქცევით, რომელსაც ექიმი სჭირდება და იყავი ჯერ ასე, სანამ ღმერთი სრულყოფილ საქმიანობამდე მიგიყვანს.
image image
 
თემატური კითხვები