ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოწყალება, სტუმართმოყვარეობა
593. როგორ უნდა მივიღოთ უცხონი და როგორ უნდა აღვასრულოთ მცნება გლახაკთა შესახებ? დაუყოვნებლივ მივიღოთ თუ არა ყველა მომსვლელი? როცა ტანსაცმლის თაობაზე თხოვნებით გვაწუხებენ, თუ ის ზედმეტი გვაქვს, მივცეთ თუ არა და კერძოდ ვის?
უცხოთშეწყნარება და გლახაკთა შესახებ მცნება ძალისაებრ უნდა აღასრულოთ და მოთმინების საქმეს შეუსაბამოთ. ზედმეტიც რომ გქონდეთ, მაშინაც ზომიერად გაანაწილეთ, რათა ეს მომსვლელებს მუდმივ ჩვევად არ გადაექცეთ. სხვაგვარად, როდესაც თქვენ თავად შემოგაკლდებათ, მთხოვნელი ისევ დაიწყებს იმის ძებნას, რაც ადრე მიიღო. ამიტომ ზედმიწევნით შეიტყვეთ, რა საბაბით ითხოვს მომსვლელი. ის ქურდიც რომ იყოს, როგორც მამები ამბობენ, კურთხევის ნიშნად პური მიეცით და გაუშვით. მაგრამ, რადგან ისეთებიც არიან, რომლებიც მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ დაგამძიმონ, ამიტომ მათ კადნიერების საბაბი არ მისცეთ, რამეთუ ისინი თქვენს დასამძიმებლად სიძუნწის გამო მოდიან და არა საჭიროების. ტანსაცმელი კი წინდაუხედავად არავის მისცეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მთხოვნელი ფრიად ღვთისმოშიში ადამიანია და თხოვნისა რცხვენია. შეიტყობთ რა ჭეშმარიტებას, თუ აღმოჩნდა, რომ სრულიად უპოვარია და ღვთის გულისათვის ითხოვს და არა თავშეუკავებლობის გამო, მაშინ თანაგრძნობა გამოიჩინეთ.