image

თემა: აღდგომა,  ერესი,  სხეული

612. შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩემო კაცთმოყვარეო მამაო, წავიკითხე რა დოგმატური წიგნი, ფრიად ვწუხვარ და გულით ვშფოთავ. მეშინია გაგიმხილოთ, მაგრამ არ ძალმიძს აზრებისაგან გაჩუმება. ასე რომ, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?
ვინაიდან ეშმაკს უსარგებლო ამაოდმეტყველებაში სურს შენი ჩაგდება, ამიტომ თქვი, რა გინდა. დაე, ღმერთმა არ მისცეს მას შენზე ხელმწიფება.
613. მითხარი მე წმინდანთა სხეულების აღდგომის შესახებ. ისინი ისეთსავე სხეულში აღდგებიან, როგორშიც ახლა ვიმყოფებით და რომელსაც ძვლები და ძარღვები აქვს, თუ მათი სხეული ჰაეროვანი და მომრგვალებული იქნება? რამეთუ, უფლის სხეულზეც ამბობენ, მომავალი აღდგომისას ისიც ასეთი იქნებაო. ამას ისინი აღნიშნავენ, რომლებიც არ აღიარებენ, რომ უფალი ჩვენს სხეულში, ანუ იმ სხეულში აღდგა მკვდრეთით, რომელიც მან ჩვენი ცხონებისათვის წმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულ მარიამისაგან შეიმოსა. ისინი ამტკიცებენ, სწორედ ამას ნიშნავს მოციქულის სიტყვებიო: „რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“ (ფილპ. 3, 21), და კიდევ ამბობენ: მოციქულმა თქვა: „რამეთუ ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი დამკვიდრებად ვერ ძალუც“ (1 კორ. 15, 50), ანუ მიგვანიშნაო, რომ, რადგან მომავალ საუკუნეში ჭამა და სმა შეუძლებელია და ჩვენ ამჟამინდელ სხეულს საკვებით ვინარჩუნებთ, ამიტომ ის მარადიული ვერ იქნება. ასევე ამტკიცებენ: მოციქული ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე ამბობს: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაითა იყოს ღმერთი ყოვლად, ყოველსა შინა“ (1 კორ. 15, 28). და კვლავ, მოჰყავთ რა ეკლესიასტეს სიტყვები: „ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში“ (ეკლეს. 1, 10), იმას ნიშნავსო, რომ სულები წინასწარ არსებობდნენ. ხოლო, როდესაც სახარებისეულ სიტყვებზე მიუთითებენ: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი“ (მათე 5, 26), ამტკიცებენ: ტანჯვას დასასრული ექნებაო. ღვთის გულისათვის, ამიხსენი ეს მეუფეო, რამეთუ ვშიშობ მტერმა არ მომხიბლოს და თავის ბოროტ მახეში არ გამაბას. რადგან შენი წმინდა სიტყვები არ შევასრულე და ეს გამოძიებანი მაშინვე არ მივატოვე, ამიტომ დიდ სულიერ საფრთხესთან შერწყმული ჩემი უგუნურება ყველა მხრიდან მარყევს. და ილოცე ჩემთვის, ჩემო კეთილო მამაო, რომ შემდგომში გამოვფხიზლდე და საკუთარი ცოდვების გამოსატირებლად ვიზრუნო. შემინდე, ასეთი შეკითხვა რომ გავბედე, მაგრამ თქვენ მაიძულეთ ლაპარაკი, რადგან ყველაფერი იცით.
ძმაო! მე ადრე უკვე მოგწერე, ეშმაკმა შენში უდროო ამაოდმეტყველება ჩათესა-მეთქი. შენ დრო იმისათვის მოგეცა, საკუთარ ცოდვებზე რომ იტირო და იკვნესო. მაგრამ, გონებრივ შფოთში რომ არ დაგტოვო, გეტყვი: რადგან მკვდართა აღდგომის გააზრება გსურს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველებისა გრწამს, ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით გვიჩვენა, თუ როგორ აღდგებიან მკვდრები: „ძვალი ძვალს მიუდგა, ნაწილი ნაწილს, და წარმოიქმნა ძარღვები, ხორცი და კანი და ასე აღდგნენ“ (სრულყოფილი სხეულები) (ეზეკ. 37, 7-8). და მოციქულმაც, იცოდა რა, რომ ჩვენ სხეულით აღვდგებით, გვასწავლა და თქვა: „ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაი“ (1 კორ. 15, 53). ნუ ცდები, ჩვენი სხეულები ძვლებით, ძარღვებით და თმებით აღდგება და უკუნისამდე ასეთი დარჩება; ოღონდ ისინი უფრო ნათელი და დიდებული იქნება, როგორც უფალი ამბობს ამას: „მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა” (მათე 13, 43), რითაც წმინდანთა სხეულების დიდება გამოგვიცხადა. მაგალითით აგიხსნი ამას: ხდება ხოლმე, რომ უბრალო ადამიანი მეფესთან შედის და მეფე მას მხედართმთავრის წოდებას ანიჭებს და ის განდიდებული გამოდის იქიდან. მაგრამ, განა ის იგივე ადამიანი არ არის? განა შეიცვალა სხეულით? ასევე დიაკვანს, რომელსაც მცირე ხნით მოუწევს მღვდლობა, მოულოდნელად თუ ეპისკოპოსად დაასხამენ ხელს, მაშინვე დიდებული ხდება. ასევე მოხდება ჩვენს შემთხვევაში. და რატომ არ უნდა იყოს ასე? განა ადამიანები ჯერ კიდევ აქ, ამ სხეულში არ ხდებიან ღმერთშემოსილები? მაშინ როგორ იხილეს ღმერთი მოსემ და მასზე უწინარეს აბრაამმა, იაკობმა და სხვებმა, ასევე სტეფანემ, რომელზეც მოციქულთა საქმეებშია მოთხრობილი, განა ისინი უსხეულონი იყვნენ? ასევე მოხდება აღდგომისას. სწორედ ეს სხეულები აღდგებიან მაშინ, ოღონდ ისინი უხრწნელებას, უკვდავებას და დიდებას შეიმოსავენ. ამიტომაც წერს მოციქული ადამიანის სხეულის შესახებ: „დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი“ (1 კორ. 15, 43-44). ასე იმიტომ ამბობს, რომ მრავალი წმიდანი არა მარტო უცნობია ადამიანებისთვის როგორც წმინდანი, არამედ საძულველიც კია მათ თვალში; ხოლო, როდესაც ისინი იქ ქიროტონიის მსგავსად დიდებას შეიმოსავენ, მაშინ ყველასთვის გაცხადდება მათი სულიერება; ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ ადამიანთა წინაშე, „დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, ხოლო აღდგების ხორცი სულიერი“ და დიდებული და ყველას განაცვიფრებს ეს. მოციქულის სიტყვები კი: „რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“ (ფილპ. 3, 21), იმიტომაა ნათქვამი, რომ უფალი ჩვენს სხეულებს სინათლის მსგავსად გარდაქმნის, მსგავსად თავისი სხეულისა, როგორც ეს მოციქულმა იოანემ თქვა: „უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისა ვიყვნეთ“ (1 იოანე 3, 2). რამეთუ, ძე ღვთისა სინათლეა, მართლები კი, მოციქულის სიტყვის თანახმად - ძენი ღვთისანი (2 კორ. 6, 18) და შვილნი ნათლისანი (1 თეს. 5, 5) არიან. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ უფალი გარდასცვლის ჩვენს სხეულებს. რაც შეეხება სიტყვებს: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“ (1 კორ. 15, 28), განიხილე, თუ ვის მისწერა ის მოციქულმა - კორინთელებს, მაშინ, როცა წარმართობა ჯერ კიდევ ბატონობდა ქვეყანაზე. ხოლო ზოგიერთ წარმართს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: როდესაც მათი მეფის ძე წამოიზრდებოდა, უჯანყდებოდა თავის მამას და კლავდა მას. ამრიგად, კორინთელებს, თავის ჩვეულებისამებრ, მოციქულის ქადაგებიდან იგივე რომ არ ეფიქრათ ღვთის ძეზე, მოციქულმა მოაშორა მათ ეს აზრი და თქვა: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“ (1 კორ. 15, 28). ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მის ფერხთა ქვეშ დაემხობიან მისი მტრები, ანუ ეშმაკი და მისი ძალები, ასევე ისინიც, ვინც მის ნებას ასრულებენ. ამიტომაც თქვა მოციქულმა: „ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დამორჩილებულად“ (ებრ. 2, 8), მაგრამ როდემდე? მანამდე, სანამ არ მოვლენ ღვთისა და მამის ანგელოზები, რომელმაც უთხრა მას: „დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (ფსალმ. 109, 1). სწორედ ეს მტრები წარსდგებიან ღვთის ძის სამსჯავროზე, რამეთუ ნათქვამია: „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოანე 5, 22). ხოლო შენ რომ შეიცნო, თუ როგორ გადასცემს ის სამეფოს ღმერთსა და მამას, მოისმინე: „ძე ღვთისა განხორციელდა და მოვიდა, რათა თავის წმინდა სისხლით მოუწოდოს და განწმინდოს ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღვდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული“ (1 პეტ. 2, 9). მაშ, იცოდე, მას შემდეგ, როდესაც მას მტრები დაემორჩილებიან და ის მათ მსჯავრს გამოუტანს, მაშინ, რადგან თავადაა მორჩილების ნიმუში, იმ სამეფოს, რომელიც მან შეიძინა, ანუ რჩეულ ნათესავს, ღმერთსა და მამას გადასცემს და ეტყვის: „აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ (ებრ. 2, 13). თანასწორობაც შეიცანი: მამამ სამსჯავრო მთლიანად ძეს გადასცა, ხოლო ძემ, ისინი ვისაც მოუწოდა, მამას გადასცა. ამრიგად, ის სიტყვა აღსრულდება: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“. რაც შეეხება საუკუნეებს, რომელზეც ერეტიკოსები საუბრობენ, ეყრდნობიან რა ეკლესიასტეს სიტყვებს, იცოდე, ადამიანის მთელი დრო მისი საუკუნეა. ამიტომაც არ უთქვამს ეკლესიასტეს, რომ ეს უკვე მოხდა წინა საუკუნეებში, ვიდრე ჩვენი ჟამი დადგებოდაო, არამედ რაც ჩვენამდე იყო, ესეც ხდება ჩვენს წინარე საუკუნეშიო (ეკლ. 1, 10). თუ გინდა იცოდე, ეშმაკის სწავლებით როგორ ამახინჯებენ და განმარტავენ წერილს, მართალ რწმენაში გაუცნობიერებელნი და დაუმტკიცებლები (შენიშნე შემდეგი): მოციქულმა თქვა: „საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისთვის. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს“ (1 კორ. 6, 13), და ამას ღორმუცელობის, საჭმლის განურჩევლობის და თავშეუკავებლობის შესახებ ამბობს. ამის საფუძველზე, ისინი ასწავლიან, თითქოს მოციქულმა საზრდელი განაქარვა და თქვა, რომ მუცელი სხეულის ნაწილებიდან ამოღებული იქნება; სინამდვილეში კი მოციქულმა იცოდა, თუ რა მნიშვნელობით ამბობდა ამას. ის აქ, კერძოდ, ვნებებს გულისხმობს, რაც უფალმა განაქარვა კიდეც მასში და მის მსგავსებში, ამიტომაც ამბობს ქვემოთ: „დაღათუ ვჭამოთ, არა გუემატოს და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს“ (1 კორ. 8, 8). აი, რა აზრი დევს ამ სიტყვებში. რაც შეეხება მომავალ მდგომარეობას, ღმერთი ასე ამბობს: რომ ადამიანები ანგელოზთა სწორნი იქნებიან (ლუკა 20, 36). და ისინი აღარც საჭმელს შეჭამენ, აღარც დალევენ და სურვილებიც არ ექნებათ; ხოლო ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი. მან ეს მოსეზე უკვე აჩვენა, რამეთუ როდესაც მას ძალა მიანიჭა, მოსეს ორმოცი დღის და ორმოცი ღამის განმავლობაში არაფერი უჭამია. ვინც ეს მოიმოქმედა, მას ისიც შეუძლია, რომ ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში მსგავს მდგომარეობაში ამყოფოს. თუ ვინმე, ამაოდმეტყველი, მოსეზე და მაცხოვარზე იტყვის, რომ მათ შემდგომში მაინც ჭამეს საჭმელი, მაშინ დაე, ასეთმა იცოდეს, ამით უფალმა მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენა მომავლის სახე; ზუსტად ასევე, უფალი, აღადგენდა რა მკვდრებს თავად ან მოციქულების მეშვეობით, ამით საყოველთაო აღდგომაზე მიგვანიშნებდა; თუმცა აღმდგარნი შემდგომში მოკვდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს აღდგომაში. მაგრამ თავად უფალმა თქვა: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მათე 4, 4). შენ თვითონ რას იტყვი ამის თაობაზე? ნუთუ, წერილის სხვა ადგილების მსგავსად, მხოლოდ დაამახინჯებ ამ გამონათქვამს? ხოლო ნათქვამში: „ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი დამკვიდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხწნილებამან უხრწნელებაი დაიმკვიდროს“ (1 კორ. 15, 50), ხორცსა და სისხლში უწმიდურობა, მზაკვრობა და ვნებიანი სურვილები იგულისხმება. გსურს დარწმუნდე იმაში, რომ სხეულში მყოფი ადამიანებიც არიან სულიერნი? მოისმინე, რა უთხრა უფალმა ნიკოდიმოსს: „ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი“ (იოანე 3, 7), და შემდეგ დაუმატა: „წყლისაგან და სულისა“ (მუხ. 5), ხოლო სულისაგან შობილი არსით სულიერია. და კიდევ ნათქვამია: „რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოანე 1, 13), და „სულ არს ღმერთი“ (იოანე 4, 24). ამრიგად, როდესაც ისინი, ჯერ კიდევ აქ, სულიერნი გახდნენ, იშვნენ რა ღვთისაგან, ნუთუ იქ არ შეუძლია მას სულიერებად გარდაქმნას ისინი? სიტყვებით კი: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი“ (მათე 5, 26), უფალმა მიუთითა, რომ მათი ტანჯვა მარადიული იქნება. რამეთუ, როგორ გადაიხდის იქ ადამიანი? თუ ღარიბ მოვალეს საპყრობილეში ჩასვამენ და მმართველი ბრძანებს, მანამ არ გაათავისუფლონ, სანამ მთელ ვალს არ გადაიხდის, მაშინ განა შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ის აუცილებლად განთავისუფლდება? სრულიადაც არა! უგუნურივით ნუ გებნევა გზა. იქ ვერავინ წარემატება; ვისაც რაიმე აქვს, აქედანა აქვს - იქნება ეს კეთილი, დამპალი თუ დამატკბობელი. ბოლოს და ბოლოს მიატოვე ამაოდმეტყველება და ნუ მისდევ დემონებს და მათ სწავლებას. რამეთუ ისინი უცებ იჭერენ და დასცემენ თავის მსხვერპლს. ამიტომ ღვთის წინაშე დამდაბლდი, შენს ცოდვებზე იტირე და შენს ვნებებზე იკვნესე. გაიხსენე წერილის სიტყვა: „ახლა ისმინე ისრაელო“ (რჯულ. 10, 12) და ა.შ. და კიდევ: „აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი“ (ფსალ. 76, 11). დაუკვირდი საკუთარ თავს (1 ტიმ. 4, 16) და, გამოკვლევის შემდეგ, შეხედე, საით იხრება შენი გული? დაე, ღმერთმა შეგინდოს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: