image

თემა: გმობის ზრახვები

წმიდაო მამაო, ვერ ვხვდები, როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად.
როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმიდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესაა გმობის ზრახვები. ასეთი ზრახვების თქმაც კი არ შეიძლება ვინმესთან.
არც მოძღვართან?
მოძღვართან საკმარისია თუ იტყვი: "გმობის ზრახვები მაქვს ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმიდანების, ჩემი სულიერი მოძღვრის მიმართ". არცერთი ეს გმობა და ცოდვა ჩვენი არ არის, არამედ ეშმაკისაგან მოდის. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ ეშმაკის ცდვების გამოც ჩვენ ვწუხდეთ, როდესაც დამწყები ბერი ვიყავი, ეშმაკი რაღაც დროის განმავლობაში მინერგავდა გმობის აზრებს - ეკლესიაშიც კი. ეს მეტისმეტად მაშფოთებდა: ბოროტი გმობის სიტყვებს ჩამაგონებდა წმიდანების მიმართ, იყენებდა ყველა იმ ბილწსიტყვაობას და გინებას, რასაც სხვებისგან ჯარში ყოფნისას ვისმენდი. "ეს ზრახვები ეშმაკისაგანაა - მარიგებდა ჩემი მოძღვარი - რადგან ადამიანს ასე აღელვებს გმობის აზრები, რომელიც წმიდანებთან დაკავშირებით მოსდის გონებაში, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ეს აზრები მას კი არ ეკუთვნის, არამედ გარედანაა შემოსული". მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი; როცა გმობის აზრები შემომესეოდა, მივდიოდი წმ. იოანე ნათლისმცემლის სამლოცველოში, დავეცემოდი მისი ხატის წინაშე, რომელიც კეთილსურნელებას გამოსცემდა. როდესაც კვლავ ჩნდებოდა მსგავსი აზრები, მე ისევ წინამორბედის ეკვდერში ვისწრაფოდი და ხატისაგან კვლავ კეთილსურნელება გამოდიოდა. ერთხელ საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას, ეკვდერში ვლოცულობდი, როდესაც მგალობლებმა "წმიდაო ღმერთო" წამოიწყეს, ჩემი ადგილიდან მეც ჩემი ხმით ავყევი მათ, უეცრად დავინახე, მთავარი ტაძრის კარიდან როგორ ცდილობდა ეკვდერში შემოვარდნას უზარმაზარი, საშინელი, ძაღლისთავიანი მხეცი. ურჩხულმა შემომხედა და როდესაც ნახა, რომ "წმიდაო ღმერთოს" ვგალობდი, ორჯერ ბოროტად დამემუქრა თითით. მე მგალობელ ბერებს შევხედე, ვიფიქრე, რომ შესაძლოა, იმათაც დაინახეს მხეცი, არ! არავის არაფერი შეუმჩნევია... შემდეგ მომხდარის შესახებ მოძღვარს ვუამბე, "მაშ ნახე, ვინ ყოფილა ეს? - მომიგო მან - ეს სწორედ ისაა, ახლა დამშვიდდი"?
წმიდაო მამაო, ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი აზრი გმობაა?
იგი ხვდება ამას, თუ ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: "წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება, ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაშინაც კი ვწუხვართ, როდესაც ადამიანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?" მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოაჩენენ. ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს.გახსოვთ ის შემთხვევა, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი რომ მოგვითხრობს? ერთხელ ეპისკოპოსმა ფორტუნატემ ეშმაკეული ქალისაგან არაწმიდა სული განდევნა, განდევნილმა ეშმაკმა გლახაკის სახე მიიღო, ქალქში დაბრუნდა და ეპისკოპოსს მხილება დაუწყო: "ამ შეუბრალებელმა განმაგდო მე"! - ყვიროდა იგი. ერთმა ადამიანმა, რომელსაც ეს ყვირილი მოესმა, შეებრალა "საბრალო": - "რა უსამართლობა იყო შენი გაგდება! როგორ იკადრა ამის ჩადენა! აბა, წამოდი და ჩემს სახლში მიგიღებ". - ეშმაკი შევიდა მის სახლში და მალე მოითხოვა: - "კერას შეშა დაამატე, როდესაც კარგად გახურდა, ეშმაკი სახლის პატრონის შვილში შევიდა. შეტევის დროს ეშმაკეული ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა. მაშინ მასპინძელი მიხვდა, ვინ განდევნა ეპისკოპოსმა და ვინ ისტუმრა თვითონ საკუთარ სახლში. ეპისკოპოსმა ფორტუნატემ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეშმაკეულისაგან არაწმიდა სულს აძევებდა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: