image

თემა: ლოცვა,  დრო ლოცვისათვის

სახარებაში წერია, უფალი ღამით ლოცულობდაო (მაგ., ლკ. 6, 12). რატომ უყვარდათ წმინდანებს ღამით ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის ასეთი ლოცვა?
ღამით, როდესაც ქვეყანა სიბნელესა და ძილში ინთქმება, თვითონ სიჩუმე განაწყობს კაცს ლოცვისათვის. ღამით აღარ არსებობენ გარეგნული შთაბეჭდილებები, გონებას რომ თავისკენ იზიდავენ და ლოცვას ამძიმებენ. ამ დროს დემონი მხოლოდ მეხსიერების საშუალებით მოქმედებს. ღამით სული იმ სახლს ემსგავსება, რომლის ხუთი გრძნობა ხუთი სარკმელივითაა დაგმანული დარაბებით და მხოლოდ მეხსიერების სარდაფში ჩასასვლელი კარია ღია. ღამით ფუტკრების სკასავით მოგუგუნე ქალაქის ხმაური წყდება, სიჩუმე ისადგურებს და ადამიანი თავს ისე გრძნობს, როგორც უდაბნოში. მაგრამ არსებობს ღამისა და სიბნელის, როგორც სიმბოლოს კიდევ ერთი ახსნა - ესაა საიდუმლო გონების განთავისუფლებისა ამა სოფლის გულისსიტყვების, სახეების, მოგონებების, გეგმების, სურათებისგან და სულის განძარცვა ყოველივე მისთვის არათვისებრივისგან; ეს სიბნელე მალავს ხილულს, რათა გამოაჩინოს უხილავი: მასში უჩინარი ნათელია გაბნეული.
    ღამე თავისი შავი საბურავით ფარავს მიწას და, იმავე დროს, თითქოს გამოაჩენს ვარსკვლავებით მოჭედილ უძირო ზეცას, მარადისობას რომ გვახსენებს. ღამით ადამიანს უადვილდება მოსწყდეს დროებითსა და წარმავალს; უადვილდება ყველაფერი დავიწყების საფარველ ქვეშ დამარხოს, როგორც ზამთარი ფარავს მიზას თოვლის ზეწრით; უადვილდება გონებით მიწაზე ამაღლდეს და გულით ერთადერთს - ღმერთს შეუვრდეს.
მაგრამ თუ გონებიდან ამა სოფლის ხსოვნის ამოგდებას ვეცდებით, ხომ არ ჩაქრება ჩვენს სულში კაცთა მიმართ - უძლურებაში მყოფ მოძმეთა მიმართ სიყვარული?
როდესაც მეფის ამალის წევრი ტახტის წინაშე დგას, ის უკვე აღარაფერზე ზრუნავს, რადგან იცის: მეფე არა მარტო მას, მისი ოჯახის წევრებსაც არ მოაკლებს თავის წყალობას. თუ შეიარაღებული მეომარი მეფის დაცვაში დგას, მას ეკრძალება აქეთ-იქით ყურება, ან ვინმესთან ლაპარაკი - მისი თვალიც და გონებაც მთლიანად მეფისკენ უნდა იყოს მიმართული. ლოცვა არის მხსნელი კაცისა ყოველი განსაცდელისა და უბედურებისაგან, ლოცვა შრეტს ღვთის რისხვას და მის მადლს ჰფენს სოფელს. ამიტომაცაა ლოცვა ღვთის წყალობა კაცთა მიმართ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები