ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
387. მონასტრის ზოგიერთმა წევრმა, რომლებიც წმინდა მამათა ლოცვებით მრავალ განსაცდელს გადაურჩნენ, გაიგეს რა ავაზაკთა თავდასხმის შესახებ, მონასტრიდან წასვლა განიზრახეს და ამის შესახებ დიდ ბერს ჰკითხეს.
ჩვენ უკვე გამოცდილებით დავრწმუნდით, რომ ჩვენმა მეუფემ და კაცთმოყვარე ღმერთმა ყველა ჭირისა და განსაცდელისაგან გვიხსნა; ახლაც ნუ დაგვაეჭვებს, რომ ის ყველანაირი ბოროტებისაგან გამოგვიხსნის და დაგვიფარავს; ამგვარად, მთელი ჩვენი სასოება და საზრუნავი მასზე დავამყაროთ(1პეტ.5,7). და ყველგან სადაც იქნებით, თუკი გაქვთ წმინდანთა ლოცვების იმედი, არანაირ ბოროტებას არ შეუშინდეთ, არამედ დარჩით იქ, ქრისტეს რწმენაში განმტკიცდით და წინასწარმეტყველ დავითთან ერთად იგალობეთ: "უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს რაი მიყოს მე კაცმან?(ფსალ.117,6); და კიდევ: "უფალმან გიცვას შენ ყოვლისაგან ბოროტისა, დაიცვას სული შენი უფალმან. უფალმან იცევინ შესვლაი შენი და გამოსვლაი შენი ამიერითგან და უკუნისამდე(ფსალ.120,78). თქვენს დაეჭვებულ სულს მხნეობა რომ დაუბრუნდეს, უთხარით, "უფალი ძალთაი ჩუენ თანა, ხელის აღმპყრობელ ჩუენდა ღმერთი იაკობისი"(ფსალ.45,8) ჩვენ ყველანი მოგესალმებით და უფლის მიერ გეუბნებით: "კადნიერ იყვენით, მე ვარნ ნუ გეშინინ!"(მათე14,27).
388. ერთ-ერთმა ძმამ, მოისმინა რა ეს პასუხი, იმავე ბერს ჰკითხა: ვისაც ასეთი სასოება აქვს, მან იქაც უშიშრად უნდა იცხოვროს, სადაც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა?
ჩვენ ყოველთვის უნდა ვსასოებდეთ იესოს, რომ ის ჩვენს შესაძლებლობებზე მეტად არ გამოგვცდის (1კორ.10,13). მაგრამ ვინაიდან მან თავად გვასწავლა, როდესაც გვითხრა: "ილოცევდით რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა"(ლკ.22,46), ამიტომ თავად არ უნდა ჩავიგდოთ თავი განსაცდელში; ამით ღვთის მცნებას დავარღვევთ, რამეთუ ამ შემთხვევაში ჩვენ თავად ვიმეტებთ საკუთარ თავს სასიკვდილოდ, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. თუ მშვიდობიან ადგილზე ვცხოვრობთ და ავაზაკთა თავდასხმის შესახებ შევიტყობთ, გვაქვს რა ღვთის მფარველობის იმედი, ამან არ უნდა შეგვაშინოს, რამეთუ ღმერთი ხედავს, რომ ჩვენ თვითონ არ შეგვიყვანია საკუთარი თავი განსაცდელში და არ დაგვირღვევია მისი მცნება; ამიტომ უმჯობესია, მცნება დავიცვათ და დღე და ღამე მოვუხმოთ უფალს: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან"(მთ.6,13). ხოლო თუ ლოცვის მიუხედავად, განსაცდელი მაინც შეგვემთხვა ან ავაზაკები დაგვესხნენ, ნუ დავუძლურდებით, რამეთუ ეს ჩვენს გამოსაცდელადაა და ღვთისაგან ჩვენი სარგებლობისათვისაა დაშვებული. და რადგან ეს დაშვებითაა, ამიტომ მოციქული გვაძლიერებს, რომელიც ამბობს: "სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაიცა, რაითა შეუძლოთ დათმენად"(1კორ.10,13). თუ მხოლოდ გაგონილის გამო, ერთი ადგილიდან სწრაფად გავიქცევით სხვაგან, მაშინ ეშმაკი საერთოდ არ მოგვცემს ერთ ადგილზე ცხოვრების საშუალებას. თუ რომელიმე ადგილის შესახებ სინამდვილეში ვიცით, რომ იქ საფრთხეა მოსალოდნელი, მაშინ საკუთარ თავს უნდა გავუფრთხილდეთ. და თუ ადგილი წყნარია და განსაცდელი მოულოდნელად გვეწვევა, მაშინ ღმერთი, დაინახავს რა ჩვენს უდანაშაულობას, თავის ნებისამებრ დაგვიფარავს.რამეთუ არის განსაცდელი, რომელიც ჩვენი მიზეზით მოიწევა, და არის სხვა, ღვთისაგან რომ დაიშვება. ის, რომელიც ჩვენი მიზეზითაა, სულს აზიანებს. სწორედ მასზე გვეუბნება მოციქული იაკობი, როდესაც ამბობს: ნუვინ განცდილთაგანი იტყვნ, ვითერმედ: "ღმრთისა მიერ განვიცდები", რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არა ვის განსცდის იგი(იაკ.1,13); ხოლო ის, რომელიც ღმრთისაგან დაიშვება, სასარგებლოა სულისათვის, რამეთუ ადამიანს გამოცდილებას სძენს; გამოცდილება სასოებას ბადებს, ხოლო "სასოებამან არა არცხვნის"(რომ.5:4,5), შეურცხვენელი კი ცხონებულთა შორისაა ქრისტე იესოს, ჩვენი უფლის მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.