ღირსი დოროთე - მეგვიპტელი მეუდაბნოე

მოიხსენიება 16 სექტემბერს (ახალი სტილით: 29 სექტემბერს)
ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოსაგრეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. სიჭაბუკეში ღირსი მამის მოწაფე იყო ცნობილი "ლავსაიკონის" ავტორი, ჰელენოპოლელი ეპისკოპოსი პალადიუსი, რომელმაც შემოგვინახა მოგონებები წმიდანის შესახებ. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ღირსი დოროთეს საზრდელი იყო პური და უდაბნოს მწირი მცენარეულობა. იგი დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა. დასაძინებლად წმიდანი არასოდეს წვებოდა: ზოგჯერ თუ ჩათვლემდა საზრდელის მიღების ან მუშაობის დროს. ერთხელ ღირსმა მამამ მოწაფე წყლის მოსატანად გაგზავნა, ეს უკანასკნელი კი ცარიელი ჭურჭლით დაბრუნდა და თქვა, ჭაში გველი ვნახე - წყალი მოწამლულიაო. მაშინ დოროთე თვითონ წავიდა ჯურღმულთან, ჯვარი გადასახა, დალია და თქვა: "სადაც ჯვარია, იქ ეშმაკი უძლურია". ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).