მოწამე არიადნა

მოიხსენიება 18 სექტემბერს (ახალი სტილით: 1 ოქტომბერს)
წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგ მიიმალა.