მოციქული კოდრატე - სამოცდაათთაგანი

მოიხსენიება 21 სექტემბერს (ახალი სტილით: 4 ოქტომბერს)
წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა კერპთმსახურებს. ერთხელ გააფთრებული ბრბო თავს დაესხა მოციქულს, რომ ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ, ზეგარდმო შეწევნით, წმიდანი ცოცხალი დარჩა. მაშინ უღმრთოებმა იგი საპყრობილეში ჩააგდეს და შიმშილით ამოხადეს სული ( დაახლ. 130). კოდრატეს წმიდა ცხედარი მაგნეზიაში დაკრძალეს.

ნეტარმა მოციქულმა 126 წელს დაწერა და იმპერატორ ადრიანეს (117-138) წარუდგინა აპოლოგია ქრისტიანობის დასაცავად, რომელმაც ისე იმოქმედა მართლმორწმუნეთა მდევნელ ხელისუფალზე, რომ ბრძანა, სამხილის გარეშე არავინ გაესამართლებინათ.