მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი

მოიხსენიება 27 სექტემბერს (ახალი სტილით: 10 ოქტომბერს)
წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. "და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა".

წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩაკერეს და ზღვაში მოისროლეს. ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოეგო, გაიხა და წმიდანი განთავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმიდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და "იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ": მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ "და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა". თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: "ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა". ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა. ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმიდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს. ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს, საპყრობილეში კი იპოვეს წიგნი, "რომელთა შინა აღწერილ იყვნეს სწავლანი და მოძღურებანი წმიდისა მოწამისა".