ჯვრის გამოჩინებაი, რომელი კონსტანტინე მეფეს გამოუჩნდა ზეცით

მოიხსენიება 29 იანვარს (ახალი სტილით: 11 თებერვალს)
ჯვრის გამოჩინებაი, რომელი კონსტანტინე მეფეს გამოუჩნდა ზეცით. წმიდა მოციქულთასწორი მეფე კონსტანტინე დიდი (306-337) ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობილი იმპერატორის, კონსტანციუს ქლორუსის (305-306) ვაჟი იყო. მან სიყმაწვილე დიოკლეტიანე მეფის კარზე გაატარა საპატიო ტყვეობაში, სადაც საკუთარი თვალით ხედავდა ქრისტიანთა აუტანელ, მხეცურ ტანჯვა-წამებასა და ხოცვა-ჟლეტვას. ის გრძნობდა, რომ სისხლისმსმელი იმპერატორი რაღაც დაუძლეველს ებრძოდა, მისი გული ქრისტიანებისადმი თანაგრძნობით იმსჭვალებოდა და იმ ღვთის მისაღებად ემზადებოდა, ვისი ძალაც ასე ცხადად ვლინდებოდა უძლურებაში.

306 წელს, კონსტანციუს ქლორუსის სიკვდილის შემდეგ, ლაშქარმა კონსტანტინე დიდი გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად გამოაცხადა. ტახტზე ასვლისთანავე მან ქრისტიანების სასარგებლოდ გაცემული მამამისის განკარგულებები დაადასტურა და მათ სარწმუნოების აღსარების თავისუფლება მიანიჭა. რომის იმერიის სხვა ხელისუფლებს - ფანატიკოს წარმართ მაქსიმიანე გალერიუსს (305-311; აღმოსავლეთში) და სასტიკ ტირანს მაქსენციუსს (307-312; დასავლეთში) სძულდათ კონსტანტინე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ.

როცა ამის შესახებ შეიტყო, მოციქულთასწორმა მეფემ თავად დაიწყო მზადება რომზე გასალაშქრებლად, რაც დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ მას სურდა, ჭეშმარიტად ზეციდან მიეღო შეწევნა და უფალმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულს. ერთხელ, ნაშუადღევს, უკვე დასავლეთისაკენ გადახრილი მზის ფონზე მან ცხადად დაინახა ჯვრის ნიში წარწერით: "ამით სძლევ!" ამ სანახაობამ თავზარი დასცა კონსტანტინეს და მის თანმხლებ მეომრებს, რადგან ჯვარი, როგორც სამარცხვინო სასჯელის იარაღი, წარმართებს უბედურების მომასწავლებლად მიაჩნდათ. შეშფოთებულ მეფეს ღამით, ძილში თავად იესო ქრისტე ეჩვენა და უბრძანა, საბრძოლო დროშებზე გამოესახა ხილვაში ნანახი ნიში და მისი ძალით შებრძოლებოდა მტერს. მართლაც, უფლის რჩეულმა თავის ლაშქარს ჯვრის გამოსახულებიანი, ოქროებითა და ძვირფასი თვლებით შემკული საბრძოლო დროშა წაუმძღვარა, მეომრებს ფარებზე და მუზარადებზეც ეს ნიშანი გამოასახვინა და 312 წლის 28 ოქტომბერს, მულვიუსის ხიდთან გამართულ ბრძოლაში მტერს არნახული დამარცხება აგემა.

რომში გამარჯვებით შესულ კონსტანტინეს სიხარულით შეეგება მაქსენციუსის ძალმომრეობით გატანჯული მოსახლეობა, ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მათ ახალი იმპერატორის ქანდაკება აღმართეს, რომლის ხელშიც, თავად კონსტანტინეს მითითებით, დაამაგრეს ჯვრის ფორმის შუბი წარწერით: ამ მაცხოვნებელი ნიშით გავათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისაგან და რომაელ ხალხს და სენატს დავუბრუნე ძველი ბრწყინვალება და დიდება. ამ გამარჯვების შემდეგ, 313 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა გამოსცა ე.წ. მედიოლანის (მილანის) ედიქტი, რომელიც მის ქვეშევრდომებს სარწმუნოების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა: წარმართებს კი ეძლეოდათ ნება, აშკარად ეღიარებინათ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. შემდგომი ბრძანებულებით კონსტანტინემ გააუქმა ჯვარცმით დასჯა, აკრძალა სისხლიანი სანახაობები ცირკში; კვირადღე დასვენების დღედ გამოაცხადა არა მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისათვის, არამედ მონებისათვისაც; მღვდელმსახური ყოველგვარი გარეშე მოვალეობებისაგან და გადასახადებისაგან გაათავისუფლა; ეკლესიას დაუბრუნა წართმეული შენობები და გადასცა ახლებიც - ღვთისმსახურებისთვის მეტად შესაფერისი ბაზილიკები, სადაც ადრე მოსამართლეები ბჭობდნენ... ეკლესია 29 იანვარს ზეიმით აღნიშნავს ჯვრის გამოჩინების სასწაულს.