მოწამენი: რომანოზ დიაკონი და ყრმა ბარული
მოიხსენიება 18 ნოემბერს (ახალი სტილით: 1 დეკემბერს)
წმიდა მოწამე რომანოზი კესარიის პალესტინის ტაძრის ხუცესი იყო. როცა იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, იგი ანტიოქიაში გადასახლდა და ქრისტიანებს რწმენაში განამტკიცებდა.
ერთხელ ანტიოქიის მმართველმა, ასკლიპიადმა ქრისტიანული ტაძრის დანგრევა გადაწყვიტა. წმიდა რომანოზმა მორწმუნეებს სიწმიდის დასაცავად მოუწოდა: "თუ საყდარს დავიცავთ, ამსოფლადვე, მებრძოლ ეკლესიაში გავიხარებთ, ხოლო თუ დავიღუპებით მისი დაცვისას - ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ვიზეიმებთ!" მმართველმა ხალხის სიმტკიცე რომ იხილა, თავისი ბოროტი განზრახვის შესრულება ვერ გაბედა.
გავიდა რამდენიმე ხანი. მთელი ოლქიდან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ანტიოქიაში, წარმართულ დღესასწაულზე. წმიდა რომანოზი ბრბოსთან ერთად ზეიმზე მიმავალ ასკლიპიადს შეხვდა და მოუწოდა, დაეგდოთ კერპების მსახურება და ქრისტეს შედგომოდნენ. ამისთვის ნეტარი ხუცესი შეიპყრეს და საწამებლად შეაგდეს. წმიდა მოწამე უსიტყვოდ იტანდა სატანჯველებს, როცა მტარვალმა ქრისტიანობას ფანატიზმი უწოდა, ნეტარმა ღვთის განგებით ასკლიპიადს იქვე მდგარ ყრმა ბარულზე მიუთითა და უთხრა: "ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ". ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: "მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს