წინასწარმეტყველი აბდია

მოიხსენიება 19 ნოემბერს (ახალი სტილით: 2 დეკემბერს)
წმიდა წინასწარმეტყველი აბდია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს "მცირე" მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმიდა წინასწარმეტყველ ელიას (ხს. 20 ივლისს) შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმიდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა (4 მეფ. 1). ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმიდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმიდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.