მართალი ფინეზი

მოიხსენიება 12 მარტს (ახალი სტილით: 25 მარტს)
მართალი ფინეზი, ძველი აღთქმის მღვდელმთავარ აარონის შვილიშვილი და მღვდელმთავარ ელიაზარის შვილი, თვითონაც მღვდელი იყო. როცა წმიდა წინასწარმეტყველ მოსეს (ხს. 4 სექტემბერს) მიერ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანილი ისრაელნი აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, მათი მეზობლები - მოაბელნი და მადიამელნი, შიშითა და შურით აღივსნენ, მოგვი ბალაამი მოიწვიეს და სთხოვეს, დაეწყევლა ებრაელები. უფლის ნებით ბალაამმა სამგზის აკურთხა ღვთივრჩეული ერი. მაშინ მოაბელებმა ისრაელები ბელფეგორეს კერპით აცდუნეს. უფალმა დასაჯა განდგომილები: ათასობით ებრაელი დაიხოცა შავი ჭირით. ამ დროს ვინმე ზიმრიმ სვიმეონის ტომიდან, მოსესა და მთელი კრებულის თვალწინ მადიამელი დედაკაცი მოიყვანა. განრისხებულმა ფინეესმა ისრაიტელიც და დედაკაციც მახვილით განგმირა. "და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ფინეეზ, ძემან ელეაზარისმან, ძისა აჰრონ მღდელისამან, დააცხრო რისხვაი ჩემი ძეთაგან ისრაელისათა აღშურებასა შურისა ჩემისასა მათ შორის, და არა მოვსპენ ძენი ისრაელისანი შურსა შინა ჩემსა. ესრე არქუ: აჰა ესერა მე მივსცემ მას აღთქუმასა მშვიდობისასა, და იყოს მისა და ნათესავისა მისისა შემდგომად მისსა აღთქუმაი მღდელობისაი საუკუნე, რამეთუ შური იძია ღმრთისა მისისაი და ლხინება ჰყო ძეთათვის ისრაელისათა" (რიცხ. 25, 10-13). ამის შემდეგ, ღვთის მოწოდებით, ისრაელთა ლაშქარმა მართალი ფინეესის წინამძღოლობით სძლია მოაბელებს. ელიაზარის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ფინეესი ერთხმად აირჩიეს მღვდელმთავრად. ფინეესი გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული (დაახლ. 1500 წელი ქრისტემდე).