მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი სასულიეროთაგანნი - ნიკომიდიას წამებულნი
მოიხსენიება 5 სექტემბერს (ახალი სტილით: 18 სექტემბერს)
წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს. ვალენტის მეფობაში არიანელებმა კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან განდევნეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ევაგრე, იმ ქრისტიანებს კი, რომელთაც არ ისურვეს მათ მწვალებლურ სწავლებას მიმხრობოდნენ, სასტიკი დევნა დაუწყეს. მართლმორწმუნეებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან ელჩობა გაგზავნეს ოთხმოცამდე რჩეული სასულიერო პირით ურბანოსის, თეოდორესა და მედიმნეს წინამძღვრობით. მათი სამართლიანი საჩივარი რომ მოისმინა, უღმრთო თვითმპყრობელი გააფთრდა, მაგრამ შეძლო რისხვის დაოკება. მან ფარულად მოუწოდა ეპარქ მოდესტოსს და უბრძანა, მთელი ელჩიონი ამოეჟლიტა. მოდესტოსმა ხმები დაყარა, მეფესთან წარმოგზავნილებს გადასახლებაში აგზავნიანო, შემდეგ კი ხომალდზე აიყვანა ისინი და მენავეებს განკარგულება მისცა, ღია ზღვაში გემისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ ( 370).