image

თემა: განსჯა


განსჯადობა

სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
    რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება, იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შემუსვრილი ხდება, რის შემდეგაც ბუნებრივი სახით ეწვევა მას მადლი ღვთისა და განათლება ღმრთისმიერი, და იგი უფრო გონიერი ხდება.
    როცა მოსაგრე ზედმეტად მგრძნობიარეა და გულმოდგინე, ღმერთი არ უჩვენებს წყალობათა სიმრავლეს, რაც მის მიმართ გამოიჩინა და არც იმას უშვებს, რომ მან სრულად გააცნობიეროს საკუთარი ცოდვიანობა – სასოწარკვეთილებაში რომ არ ჩავარდეს. ყველაფერ ამას მისი წარმატებისა და გაძლიერების ზომისამებრ უმხელს. ასევე, ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და მაშინღა იწყებს იგი მისი შემწეობით სულიერი კიბის საფეხურზე ზეასვლას.
    ამიტომ არ არის მართებული თანამოძმეთა სიწმინდის ადამიანურ სასწორზე დადება, რამეთუ ერთმა ღმერთმა იცის – როგორც გულთამხილავმა – ადამიანური გულის სიღრმეები.
    ყველაზე ძლიერ, რამაც შეიძლება მსჯავრის დღეს უფალი წყალობისაკენ მოდრიკოს, ეს არის ჩვენ მიერ ჩვენსავე "ძველ კაცზე" გაწეული შრომა.
    ვინც ბუნებრივი სათნოებებით დაიბადა, მასთან შედარებით იმისი პატივი მეტია, ვინც ეს სათნოებები ღვაწლის გზით მოიმუშაკა; ამიტომ, ვისაც ღვთისაგან რაიმე ნიჭი ებოძა, ის უნდა გააორმაგოს, რომ გაიგონოს: "კეთილ, მონაო, სახიერო..." (მთ. 25, 21).
    რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო უნარს სხვების განკითხვით ვბილწავთ – მათი განსჯითა და გამოსწორების მოთხოვნილებით; თუმცაღა, გვმართებდა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოგვეთხოვა აუცილებლობა გამოსწორებისა, რომელსაც ვერ გაუბედნია შემართებით მოსაგრეობა, ვნებების მოკვეთა და საკუთარი სულის გათავისუფლება ზეცაში აღსაფრენად.
    ისინი, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტნიათ მოშურნეობის ღვაწლს შეუდგნენ, თავიანთ ცხოვრებას მიაჩანჩალებენ და ჟამის შესახებ არ ფიქრობენ, ყოველთვის დათრგუნვილნი არიან სულიერად, ხორცილეად კი – სნეულნი; ხოლო ყველა ის ნიჭი, რაც ღვთისაგან მიეცათ და მოეკითხებათ, მათთვის საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდება.
    გონიერი და განსჯადი ადამიანი, სულიერი წარმატების წყალობით, სასარგებლოდ იყენებს არა მხოლოდ სახიერი ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭსა და იმ სიკეთეს, რასაც სხვა ადამიანები უკეთებენ, არამედ თანამოძმეთა მხრიდან ყველა წყენას, შეურაცხყოფასა და მისთანებს. იგი ამ ყველაფერს ბოროტის ღვარძლს მიაწერს. ასეთი კაცი ეშმაკზეც კი წუხს, - მისი საშინელი მდგომარეობის გამო, - ისევე, როგორც საკუთარი სულის უბადრუკ მდგომარეობაზე და ღვთის წყალობას ეძიებს.
    თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
    მგრძნობიარე ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ თვითგანკიცხვისას, რადგან მზაკვარი ცდილობს მგრძნობიარობა სასოწარკვეთად აქციოს (ზედმეტად მგრძნობიარობის გზით). თვითგანკიცხვას ყოველთვის ღმერთზე სასოება უნდა ახლდეს. როცა ასეთი ადამიანი სულში სიმძიმეს განიცდის, ეს იმის ნიშანია, რომ საქმეში მზაკვრის ხელია გარეული.
    თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.
    არ შეიძლება სასოს წარკვეთა, როცა ვმოსაგრეობთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ვერავითარ წინსვლას ვერ ვამჩნევთ და მხოლოდ ნულოვან შეფასებას ვიმსახურებთ.
    საკუთარი ძალისხმევით ყველას მხოლოდ ნულების წერა შეგვიძლია – ვის დიდის, ვის პატარასი. ქრისტე კი, როცა ჩვენს სუსტ ადამიანურ მონდომებას ხედავს, ჩვენი ნულების წინ ერთიანებს წერს და მაშინ ამ ნულებს ფასი ეძლევათ, რის გამოც, ჩვენი მცირეოდენი წარმატებაც კი შეიძლება შესამჩნევი გახდეს. ამიტომ საჭიროა უიმედობა თავიდან მოვიშოროთ და უფალს ვსასოებდეთ.
    ამისათვის საჭიროა საკუთარ "მე"-ზე იმედი არ დავამყაროთ. უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწრაფად შევმუსროთ იგი, სანამ მან თვითონ არ შეგვმუსრა. ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღვაწეობისას დიდ სიძნელეებთან უხდებათ შებმა (გულზე ნადები სიმძიმისაგან სულისკმევას განიცდიან); მაშინ, როდესაც ისინი, როდესაც ბევრს იღვწიან უდიდესი სიმდაბლითა და ღვთის იმედით, გულით ხარობენ, სულით კი, თითქოს ფრთები შეისხაო, ისე დაფრინავენ.
    ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
    უმჯობესია დღეში ორჯერ ჭამო, მაგრამ ნაკლები და სიმდაბლე გაგაჩნდეს, ვიდრე ერთხელ დღეში და კუჭი საკვებით გაიბერო, თავი კი ამპარტავნებით.
    განსჯის უნარი ხელს უწყობს სულში სიმშვიდის გამეფებას, რომელიც ფრიად სასარგებლოა მოსაგრეობისათვის, რადგან იგი სულსა და სხეულს მეტ ძალას აძლევს, ვიდრე ნივთიერი საკვები; ხოლო როცა შინაგანი სიმშვიდე არ გაგვაჩნია, მაშინ საუკეთესო პროდუქტებიც კი საწამლავად გვევლინება და მრავალი ნაღველი ზიანს გვაყენებს.
    ვინც ღვთის სიყვარულით იკვებება, მას ვერც კი გრძნობს, რადგან მაშინაც ღვთის თანამყოფობას განიცდის და მისი ტკბილი კურთხევით საზრდოობს.
    გემრიელი საკვების სურვილი მზაკვრის სატყუარას წარმოადგენს, და თუ ადამიანი არ მოიკვეთს მას, მაშინ მტრის ანკესზე ეგება და თავის ქონთან ერთად ტაფაზე იწვება გასუქებული სხეულით; და პირიქით – სულიერი საკვებისკენ სწრაფვა გულს ყოველგვარი მიწიერისაგან განაშორებს და სულს ზეცისკენ აღავლენს, სადაც იგი ანგელოზთა საკვებს მიირთმევს.
    ვინც თავის გულს იმ ნივთიერი სურვილებისაგან არ განაშორებს, რაც მისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს (რომ აღარაფერი ვთქვათ ხორციელი ჟინის დაკმაყოფილებაზე), უყურადღებოდ ეკიდება მათ და არ იკრებს გონებას გულში, რათა სრულად, სულთან ერთად, ღმერთს მიენდოს, ასეთ ადამიანს განსაკუთრებული განსაცდელი მოელის.
    როცა სიფხიზლე აღარ არის, მაშინ გონებაც გვტოვებს (მას მზკავარი იტაცებს) და ვრჩებით მხოლოდ სხეულის ამარა, როგორც ხის კუნძი. როცა შემდგომში მაინც ვახერხებთ გონების მოკრებას, აღმოჩნდება, რომ იგი ნაგვითაა გავსებული და მას მზაკვარი ცეცხლის გასაჩაღებლად იყენებს. მისგან აღვივებს იგი კუნძს (ჩვენს სხეულს) და დაგვცინის, თან ბოროტი სიხარულით როკავს.
    გონებამ რომ არ დაგვტოვოს, ამისათვის იგი უნდა მივაჩვიოთ, რომ განუწყვეტლივ იმეოროს გულში ტკბილი სიტყვა – იესო; ამით მივაღწვეთ სულიერ წარმატებას. გონების უქონლობა, ეს იგივეა, რაც სახლი პატრონის გარეშე. ასეთ სახლს კი გაოხრება მოელის.
    თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ.
    ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და წაკითხულიდან არაფერს იყენებს თავისი სულიერი ზრდისათვის, იმ გლეხს ემსგავსება, რომელსაც სახნავის აღება ეზარება და ჩრდილს აფარებს თავს, მუდმივად კითხულობს წიგნებს აგრონომიაზე, თეორიულად ბევრს სწავლობს, მაგრამ უბადრუკ უსაქმურად რჩება.
    დედაკაცებიც უდიდეს ნუგეშინისცემას პოულობენ კითხვაში და შეუძლიათ მისგან მამაკაცებზე უფრო მეტი სარგებელი მიიღონ, რადგან მათში განსჯადობა ნაკლებია, რწმენა კი – მეტი. მაგრამ, სამწუხაროდ, მათგან ცოტა ვინმე თუ იღებს კითხვიდან სარგებელს და წარმატებულია სულიერ ცხოვრებაში, რადგან უმეტეს შემთხვევაში, როცა ისინი საკუთარ თავზე ზრუნვას შეუდგებიან, მოთქმას იწყებენ და ამასთან მიკროსკოპულ სულიერ გამოკვლევას ატარებენ, ნაცვლად იმისა, რომ ჯერ უხეში ვნებები მოიკვეთონ, შემდეგ კი უფრო სუსტი, რომელიც ღვთის მადლით თანდათან თავისით განქარდება.
    მართალია, დედაკაცთა უმრავლესობას სულიერი ცხოვრებისათვის დიდი საწინდარი გააჩნია, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ აღწევს. მათ ნაკლები განსჯადობა გააჩნიათ, თუმცა ის მათ არ ვნებს, პირიქით, მათი რწმენისათვის უფრო სასარგებლოცაა. მამაკაცები კი გონებისმიერი მსჯელობით რწმენას ირყევენ. დედაკაცებში, აგრეთვე, ბუნებით ჩადებულია სიყვარული და მათ შეუძლიათ საკუთარი თავი მთლიანად გულთან ერთად მიუძღვნან უფალს. მამაკაცებს კი ამ დროს დიდი ღვაწლის გაღება სჭირდებათ, რომ მათი გულები ღვთისათვის გარჯას შეუდგნენ; თუ გული არ ირჯება, მაშინ ადამიანი ქვის ქანადაკებისაგან არაფრით განსხვავდება.
    მაშასადამე, ჩვენ ყველას – მამკაცებსაც და დედაკაცებსაც – გაგვაჩნია სულიერი ცხოვრების საწინდარი და ვერ მოვიძიებთ ჩვენი სიზარმაცის გასამართლებელ მიზეზს: საკმარისია მხოლოდ მოვინდომოთ იმ ნიჭის გამოყენება, რაც ღმერთმა მოგვმადლა, რათა სამოთხეს მივეახლოთ. მაშინ გაიხარებს შემოქმედი და ჩვენც – მისი შვილები.
    როგორც სახიერი ღმერთი გვეპყრობა ყოველთვის სიყვარულით და სამოთხეში გვიხმობს, ასევე ჩვენც ბარბაროსულად არ უნდა მოვეპყრათ თანამოძმეებს, და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, თითქოს მკაცრი მიდგომით მათ სულებს სამოთხეში ვაგზავნიდეთ.
    ვინც ბარბაროსულად ეპყრობა სხვებს იმ საბაბით, რომ თითქოს სურს სულიერი სარგებელი მოუტანოს მათ სულებს, იგი დიოკლეტიანეზე უარესია, და რადგან დიოკლეტიანე კერპთთაყვანისმცემელი იყო და არა ქრისტიანი.
    ქრისტე არ გვეუბნება, რომ მოვკლათ სხვები ჩვენი ბარბაროსული დამოკიდებულებით და შემდეგ სამოთხეში გავგზავნოთ, არამედ, რომ დავეხმაროთ თანამოძმეებს, რათა ყველამ ერთად დავიმკვიდროთ სამოთხე. რა თქმა უნდა, ქრისტიანებისგან ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვირგვინისათვის, რომელიც მათ ტანჯვის დათმენისათვის ქრისტესაგან მიეცემათ.
    როცა ვნებაშეპყრობილი ადამიანი ეგოისტს შენიშვნას აძლევს, ამ დროს იგივე ხდება, რაც კვესით ტალზე ჩამოკვრისას: ნაპერწკლები სხვადასხვა მხარეს იფანტება, მაგრამ თუკი ეს უგუნური მგრძნობიარე ადამიანს მისცემს შენიშვნას, შეიძლება მას ძლიერი ტრავმა მიაყენოს და ეს იმას ემსგავსება, ვინმე ველური რომ ჩვილი ბავშვის თვალიდან რკინის ჯაგრისით ბეწვის ამოღებას შეეცადოს.
    ასევე ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მათ, ვიდრე აპურებს, - განსაკუთრებით თუკი ისინი პატარები და ნაზები არიან.
    განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვის, ვიდრე ტკბილ სიტყვას, როგორც არის მწარე ქინაქინა ვაჟინზე მეტად სასარგებლო.
    შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.
    ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.
    მდაბალი ადამიანი, თუნდაც გამოუცდელი იყოს, მაინც შეძლებს ღვთის ანგელოზის ეშმაკისაგან განსხვავებას, რადგან თვითონ სულიერად სუფთაა და ანგელოზებს ენათესავება; ხოლო ეგოისტი და ხორციელი ადამიანი არა მხოლოდ იოლად იხიბლება მზაკვარისაგან, არამედ თვითონაც გადასცემს სხვას ამ მზაკვრობას და ხორცისმიერ სიყვარულს და თავისი სულიერი მიკრობებით სხვა უძლურ სულებსაც ვნებს.
    მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.
    ვინც ქრისტეს განეშორება, ღვთაებრივ ნათელს აკლდება, რადგან ტოვებს მზიურ მხარეს და უგუნური იქით მიილთვის, სადაც მზე არ ანათებს. ამის შედეგად კი ცივდება და სულიერად სნეულდება. ყველა ჩვენგანს შესაბამისი ნიჭი აქვს ღვთისაგან ბოძებული, მაგრამ ყველანი ვერ ვიყენებთ ამ ნიჭს სასიკეთოდ, საკუთარ და თანამოძმეთა სულების სახსნელად. უმრავლეს შემთხვევაში უმეტესობა ჩვენგანი ამ ნიჭს როგორც თავის, ასევე სხვების საზიანოდ იყენებს.
    თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის საკმარისია მხოლოდ, რომ მან იგი საკუთარი ვნებებისა და მზაკვარის წინააღმდეგ მიმართოს.
    ვინც საერო ცხოვრებაში უგულისყურო იყო და ცუდი ჩვევები შეიძინა, დაე, ახლა ყოველგვარი დრტვინვის გარეშე გადაიტანოს ცბიერ მზაკვართან ბრძოლა, არ დაუშვას უწმიდური სურვილები; შეუდგება რა ამგვარ მოსაგრეობას, განიწმიდება და იმ წმიდა ადამიანთა სიმაღლეს მიაღწევს, რომლებსაც დიდი ცოდვები არ ჩაუდენიათ, ცუდი ჩვევები არ შეუძენიათ და დიდი ბრძოლების გადატანაც არ განუცდიათ.
    ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნელსა შინა.
    ვინც თავის სულიერ სისუფთავეზე ზრუნავს და ინარჩუნებს მას, იგი საღვთო მადლსაც იმარხავს, ყველაფერს წმინდად აღიქვამს და უკეთურსაც სასარგებლოდ იყენებს, - კეთილად გარდაქმნის მას თავის სულიერ ქარხანაში: მაკულატურისაგან სუფთა ხელსახოცებს ამზადებს, ფურცლებს, რვეულებსა და ასე შემდეგ; ბრინჯაოს ნატეხებისაგან – სასანთლეებსა და კანდელაბრებს; ოქროსაგან – წმიდა ბარძიმს; და პირიქით: ადამიანი, რომელსაც მზაკვრობა მოსწონს და ცბიერად აზროვნებს, კარგისაგან ცუდს ამზადებს, როგორც სამხედრო ქარხანა, რომელიც საბრძოლო მასალებს აწარმოებს და ოქროსაგან ჭურვებისათვის ტყვიებსა და ჰილზებს ასხამს, რადგან ასეა მათი მანქანები მოწყობილი.
    ამიტომ არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს.
    არ არის საჭირო ავადმყოფური სქოლასტიკურობით მოღვაწეობა, რათა შემდეგ არ გვხრჩოლავდეს შინაგანი შფოთი (ზრახვებთან ბრძოლაში), უბრალო მოღვაწეობაა საჭირო, ქრისტეზე დაყრდნობა და არა საკუთარ თავზე. ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს. ერთი საქმეა – დახვეწილი სულიერი საქმიანობა და მეორე – ავადმყოფური სქოლასტიკა, რომელიც შინაგანი მოუსვენრობით გვაშთობს (გარეგანი უგუნური ძალადობისაგან) თავის ტკივილების გამოწვევით.
    ასევე არ არის საჭირო სქოლასტიკურად სხვებზე თავს მოხვევა, რომ ამის შემდეგ თავი იმაზე არ აგვტკივდეს, თუ როგორ დავარწმუნოთ ისინი, როცა ჭეშმარიტებაზე ბევრს ვესაუბრებით, მათ კი არ იციან, თუ რა არის ჭეშმარიტება და იციან მხოლოდ სიცრუე (ეს იგივეა, რომ ზამბარამოწყვეტილი საათის მომართვას ვეცადოთ). ასევე, უმჯობესია განვერიდოთ იმათ, რომლებმაც თუმც კი იციან ჭეშმარიტება, მაგრამ იგი თავისებურად ესმით და გვიმტკიცებენ მას თავიანთი იდეების დახმარებით, რათა არ გადავიღალოთ უსარგებლოდ და არ მიმოვფანტოთ უდიდესი ჭეშმარიტება, რადგან თუ კედელი თიხისაა, იგი კირით არ შეილესება, არამედ მხოლოდ ჩალასთან შერეული თიხით.
    ისინი, რომლებიც მრისხანების ვნებით არიან შეპყრობილნი, ან აღშფოთებას მოუცავთ და წუთისოფელს ამხელენ თითქოს იმისთვის, რომ ქვეყნად სიკეთე და სულიერი სიმყუდროვე მოიტანონ, ძლიერ ქარს ემსგავსებიან, რომელსაც სურს ზღვა დააწყნაროს, ემუქრება მას და ანთხევს მასზე მისგანვე ამოზიდულ აქაფებულ ტალღებს, ძირავს გემებს ღია ზღვაში და ყურეში.
    ნუ ვეცდებით ვითომცდა სხვების დამშვიდებას, თუ თვითონვე არ გაგვაჩნია შინაგანი სულიერი სიმშვიდე. ასევე, ნუ ვეძებთ სულიერ მოძღვართან სიმყუდროვეს, თუ შინაგანად არ შევურიგდით იმ ადამიანს, ვისაც ტრავმა მივაყენეთ ან ვაწყენინეთ, როცა საშუალება არის მისი ნახვისა. აგრეთვე ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ გარემოებებს, რადგან ჩვენი სინდისისათვის ისინი დამამძიმებელ გარემოებებად იქცევიან.
    მდაბალ და მგრძნობიარე ადამიანს მკაცრად ნუ გავკიცხავთ, რადგან ამ დროს მას შეიძლება ისეთ რამეში დავდოთ ბრალი, რაც არ ჩაუდენია და მისი სიმძიმის დროს შეიძლება მოიდრიკოს.
    ეგოისტისა და ურჩის დამორჩილება სიტყვებით არ არის მართებული, არამედ ლოცვებითა და მდაბალი ქმედებით, იმიტომ, რომ თუ ჩვენსავე აზრზე ვიდგებით, იგი გაცეცხლდება, ჩვენ კი ამაოდ დავშვრებით, ოფლად დავიღვრებით და ხასიათს გავიფუჭებთ.
    განუსჯელი მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობს, ვიდრე გიჟების მოქმედება, რომლებიც ერთმანეთს თავებს უტეხენ. განსჯადობის არმქონე ადამიანები თავიანთი სიტყვებით მგრძნობიარე გულებს აწყლულებენ და ხშირად სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ (სულებს სასოწარკვეთაში აგდებენ).
    აგრეთვე, დიდი ბოროტება მოაქვს პირმოთნე საერო თავაზიანობას, რადგან ენდობა რა მას, ადამიანი ცდუნდება, ფართოდ უღებს თავისი გულის კარებს და საბოლოოდ ამაოდ ფლანგავს თავის კეთილკრძალულებას ერისკაცზე, რომელმაც საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს კეთილკრძალულება (ისევე, როგორც ვინმემ ოქროს ლირები რომ მისცეს იმათ, რომლებსაც მხოლოდ ბრინჯაოს დრაჰმები უნახავთ).
    არ უნდა დავკარგოთ, ასევე, ამაოდ დრო სულიერი დარიგების მისაცემად იმათთვის, რომლებსაც მხოლოდ საერო სახის კამათი სურთ და ეგოისტურად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას.
    ფრთხილი უნდა ვიყოთ უცხო ადამიანებთან საუბრისას, როცა არა გვაქვს მათთან საერთო სასაუბრო თემა, რადგან ასეთი საუბრები სულიერი თემით იწყება და დედაკაცური ჭორაობით მთავრდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენი განსჯის გამო არა მხოლოდ დროს, არამედ სულსაც ვკარგავთ, რადგან უფლება არა გვაქვს ცალკეული პიროვნების განსჯისა, არც ირგვლივ წარმოშობილი მოვლენებისა, მაგრამ თუ შევძლებთ, ტკივილით უნდა ვისაუბროთ ამის შესახებ და ვეცადოთ როგორმე მაინც გამოვასწოროთ შექმნილი მდგომარეობა. აგრეთვე, არ უნდა განვიკითხოთ გარდაცვლილები, რამეთუ ყველა ადამიანის სული, ჩვენდა საბედნიეროდ, ღვთის ხელშია და ჩვენ, იმედი მაქვს, მისგან წყალობას მივიღებთ.
    ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია სხვა რწმენის ადამიანებში კეთილი მოსურნეობა აღძრას, რომ იმათ გააცნობიერონ თავიანთი ცდომილება, თავი ამაოდ არ დაიმშვიდონ და არ დაკარგონ, როგორც ამ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის მდიდარი კეთილმოწყალება, ასევე შემდგომ ცხოვრებაშიც უაღრესი და მარადიული საღვთო წყალობა.
    ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სამუდამოდ დაგვტანჯავენ.
    მაშასადამე, ჩვენთვის სრულიად არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, თუ როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა, რადგან სიკვდილის შემდეგ ყველა იმის შესაბამისად იქნება გასამართლებული, რა მდგომარეობაშიც მას სიკვდილი ეწევა.
    სახიერი ღმერთისაგან, დაე, მოგვეცეს სინანული, რათა ჩვენ, მისმა შვილებმა, სამოთხე დავიმკვიდროთ, რომელიც მან როგორც მოსიყვარულე მამამ, განგვიმზადა. ამინ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები