ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: კეთილი ზრახვები, მონაზონთათვის
წმიდაო მამაო, როდესაც მონასტერში რაიმე უწესობა, უწესრიგობა ხდება, აზრი აქვს დამნაშავის ძებას?
პირველ რიგში ჯობს, ის გამოიკვლიო, თვითონ შენ ხომ არ ხარ დამნაშავე. ეს ყველაზე კარგი იქნება.
მაგრამ, წმიდაო მამაო, თუ სხვები თვითონ მაძლევენ მიზეზს, რომ დამნაშავედ ისინი ჩავთვალო?
შენ თვითონ რამდენჯერ მიგიცია მათთვი ასეთი მიზეზი? როდესაც კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ მომხდარისადმი ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა.
ხოლო თუკი იფიქრებ: "როგორც ჩანს, მთელი ეს უწესრიგობა ამა და ამ დის გამო მოხდა". ეს იმას ნიშნავს, რომ "მემარცხენე" ზრახვებს იღებ?
დარწმუნებული ხარ, რომ და ნამდვილად დამნაშავეა?
არა, მაგრამ ასეთი რამ მას ადრეც გაუკეთებია.
თუ დარწმუნებული არა ხარ, ჩანს ეს "მემარცხენე" ზრახვაა. გარდა ამისა, ეს და ნამდვილად დამნაშავე რომც იყოს, ვინ იცის როგორ და რატომ მოიქცა იგი სწორედ ამგვარად?!
წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი მე ვხედავ, რომ ესა თუ ის და გარკვეული სახის ვნებით არის შეპყრობილი?
შენ რა იღუმენია ხარ?! ეს იღუმენია აგებს თქვენზე პასუხს და ამიტომ მოვალეა, თქვენს ვნებებს ადევნოს თვალყური.თქვენ კი რატომ აკვირდებით და იკვლევთ ერთმანეთის ვნებებს?! თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერაც ვერ ისწავლეთ: ხოლო, თუ გინდათ სწავლა, ნუღარ ეძიებთ, რას აკეთებენ სხვები და ყველაფერი, რასაც მათში დაინახავთ, კეთილი ზრახვების შესაბამისად მიიღეთ. კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ, ის მონაზვნები, ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულელი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს. საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც.
წმიდაო მამაო, მაშინ - თუ და მატყუებს?
მაგრამ, თუ იგი შენი მიზეზით გახდა იძულებული, რომ ტყუილი ეთქვა?! ან იქნებ რაღაც დაავიწყდა და მისი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მაგალითად, მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი, ჩერჩეტი"! ხოლო თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: "საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა". ან იქნებ ამგვარად გაამართლოს და: "შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნოყიერებას შეუწყო ხელი.
კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარააქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იტყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს"! ხოლო თუკი ადამიანს კეთილი ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბურტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ"!..