image
image
11
12
13
14
image
image
Loading..
image

თემა: ფსალმუნები

მთავრობისმოყვარება ისაა, როცა კაცი სხვა ადამიანებზე უფლებისა და მბრძანებლობის მოპოვებას ეძებს.სულიწმიდამ იცოდა, რომ ძნელია კაცთა მოდგმის წაყვანა სათნოებისაკენ და რომ ჩვენ სწორი ცხოვრება არ გვიზიდავს ტკბობისაკენ მიდრეკილების გამო. და როგორ მოიქცა? მოძღვრებას მელოდიის სიტკბოება შეუერთა, რათა იმასთან ერთად, რაც სმენას ნაზად ეალერსება და ატკბობს, შეუმჩნევლად მიგვეღო სიტყვათაგან სასარგებლონიც. ასე იქცევიან ბრძენი ექიმები, რომელნიც მწარე წამალს იმათ, ვისაც მისი დალევა ეზარებათ, თაფლწასმული თასით აძლევენ. მწყობრად მელოდიური ფსალმუნები ჩვენთვის შეითხზა, რათა ასაკითაც ყრმებსა, ან საერთოდ ხასიათითაც ჩვილებსაც ეფიქრათ, რომ მხოლოდ მღერიან, სინამდვილეში კი სულიერად განსწავლულიყვნენ. თუკი ვინმე, რისხვისაგან გამხეცებული, სმენას ფსალმუნით დაატკბობს, მსწრაფლ მოახერხებს სულის მოთვინიერებას მელოდიით.
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

182. განისჯება თუ არა ერთნაირად ყველა ის, ვინც მიწიერი სხეულითაა შემოსილი?ყველა, ვინც კი მიწიერი სხეულითაა შემოსილი, სამართლიანი მსაჯულის მიერ ერთნაირად როდი განისჯება, რადგან ერთმანეთისაგან ფრიად განსხვავებული გარეგნული ვითარებანი, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს უხდება ცხოვრება, სასჯელსაც სხვადასხვაგვარს იწვევენ: და ის, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და ჩვენი ნების გარეშე ჩვენს გარემოში გროვდება, ან დაამძიმებს ჩვენს შეცოდებებს, ან პირიქით, შეამსუბუქებს. წარმოვიდგინოთ, რომ სამსჯავროზე მრუშობა განისჯება. მაგრამ ერთმა შესცოდა იმიტომ, რომ, რადგანაც ქვეყნად გარყვნილი მშობლებისაგან გაჩნდა, ყრმობიდანვე უკეთური ჩვეულებებით: ლოთობით, თამაშით, სამარცხვიო საუბრებით აღიზარდა. მეორეს კი ბევრი რამ ჰქონდა ისეთი, რაც ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა: აღზრდა, მასწავლებელნი, მოსმენა ღვთის სიტყვებისა, სულის მხსნელი საკუთხავები, მშობელთა შეგონებანი, საუბრები, რომლებიც პატიოსნებისა და უმანკოების ჩამოყალებებას უწყობენ ხელს, ზომიერება საზრდელის მიღებისას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ჩათრეულ იქნა პირველი ცოდვის მსგავს ცოდვაში და პასუხი უნდა აგოს თავის ცხოვრებისათვის. განა სამართლიანად არ არის ეს უკანასკნელი პირველთან შედარებით უფრო მძიმე სასჯელის ღირსი? პირველის დანაშაული იქნება მხოლოდ ის, რომ ვერ შეძლო ესარგებლა აზროვნებისათვის დამახასიათებელი მხსნელი მიდრეკილებებით, მეორეს კი, გარდა ამისა, ბრალად ედება ისიც, რომ გადარჩენის მრავალი ხელშემწყობი მიზეზის მიუხედავად, თავშეუკავებლობისა და დაუდევრობის გამო, თავისი თავი თვითონვე გასცა.
link
image

თემა: განუწყვეტელი ლოცვა

105. როგორ შეიძლება შევასრულოთ მოიქულის სიტყვები: "დაუცადებლად ილოცევდით" (1 თეს. 5, 16–18) ?როცა სუფრას მიუჯდები, ილოცე, როცა პურს მიირთმევ, მადლი შესწირე ღმერთს; როცა ღვინით ხორციელ უძლურებას ნუგეშს სცემ, მოიხსენე, ვინც გვაძლევს ღვინოს გულის გასახარად და უძლურებაში სანუგეშებლად. როცა ჭამას დაასრულებ, ნუ დაგავიწყდება ქველისმოქმედის მოხსენება; სამოსელის ჩაცმისას გაზარდე სიყვარული ღვთისადმი, რომელმაც ზამთრისა და ზაფხულისათვის შესაბამისი სამოსი მოგცა და სიშიშვლე დაგიფარა. როცა დღე დასრულდება, მადლობა შესწირე მას, ვინც მზე მოგვანიჭა. ხოლო ღამე ზეცაში აიხედე და ვარსკვლავთა მშვენიერების ხილვისას ილოცე უფლისა მიმართ და თაყვანი ეცი შემოქმედს, რომელმაც სიბრძნით შექმნა ყოველივე. როცა იხილავ ყველა ცოცხალ არსებას ძილით შეპყრობილს, თაყვანი ეცი მას, ვინც ჩვენი ნების გარეშე ძილით შრომათაგან განგვისვენებს და მცირედი დასვენებით ისევ ძალების სიმხნევეს აღგვიდგენს. ამიტომ მთელი ღამე მხოლოდ ძილს ნუ მიეცემი და ნახევარ ცხოვრებას ნუ გახდი უვარგისსა და გამოუყენებელს. არამედ გაყავი ღამე ძილისა და ლოცვისათვის და ძილშიც ადიდე ღმერთი, რადგან ჩვენი ცხოვრება როგორიცაა, ხშირად სიზმრებიც ისეთივე იქნება. თუ ასე იცხოვრებ, მაშინ აღასრულებ მოციქულის სიტყვებს და ილოცებ განუწყვეტლივ და მთელი შენი ცხოვრება ღმერთთან შეერთებული და განუწყვეტელი ლოცვა გახდება
link
image

თემა: ფსალმუნები

285. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა“ (ფსალმ. 44. 8)?მური რომ საფლავის სიმბოლოა, ამას ჩვენ იოანე მახარებელი გვასწავლის, როცა ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა დასაფლავებისას მური და ალოე გამოიყენა (იოან. 19.39). შტახსი კი მურის სახეა. სურნელოვანი ნივთიერების გამოწურვისას გამოოფილი სითხე შტახსია, ხოლო დარჩენილ სქელ მასას მური ეწოდება. ამიტომაც კეთილსურნელობა ქრისტესი მისი ტანჯვის მიზეზით იფრქვევა, ვითარცა მური და ვითარცა შტახსი, რადგანაც იგი სამი დღისა და ღამის განმავლობაში უძრავად და უმოქმედოდ კი არ დარჩენილა, არამედ ჯოჯოხეთში შთახდა აღდგომის განგებულებისათვის, რათა ყოველივე, რაც საჭირო იყო, აღესრულებინა. სურნელებას აფრქვევს კასიაც, რადგანაც კასია ფრიად თხელი და სურნელოვანი ქერქია, რომლითაც ხის ტანია დაფარული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კასიას მოხსენიებით ფსალმუნმა ღრმააზროვნად და ბრძნულად მიგვითითა ჯვარზე ტანჯვაზე, რომელიც მან თავსიდო ყოველი ქმნილების სასიკეთოდ. ამიტომაც ხედავ მურს, რადგანაც იგი დაასაფლავეს, შტახსი, რადგანაც იგი ჯოჯოხეთში შთახდა (რამდენადაც ყოველი წვეთი ქვემოთ მიექანება) და კასიას, იმ განგებულების გამო, რომელიც მან ჯვარზე ხორცით აღასრულა.
link
image

თემა: ზიარება,  განდეგილობა

942. სად ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ის განდეგილი ბერები, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება უდაბნოში იყვნენ განმარტოებულნი?ყველას, ვინც უდაბნოში მოღვაწეობს, სადაც არ იმყოფებიან მღვდლები, თავიანთ სენაკებში აქვთ წმ. ნაწილები და საკუთარი ხელით ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
link
image

თემა: თავისუფალი ნება,  სათნოებები

967. ადამიანისათვის თავისუფალი ნება რომ არ მიეცა ღმერთს, ცოდვაშიც ხომ არ ჩავარდებოდა. რატომ მიეცა მას თავისუფალი ნება?ისმინე, რომელიც ასეთ შკითხვას სვამ – შენც ხომ მაშინ არ თვლი შენს მონას ერთგულად, როცა შეკრული გყავს და აიძულებ, არამედ, როცა ნებით ასრულებს შენს სურვილს. ღმერთსაც იძულებით დამორჩილებული კი არ უყვარს, არამედ, რომელიც სათნოებაში წარემატება. ხოლო სათნოებები მიიღება ნებით და არა იძულებით, და ნება ჩვენს ხელთაა, ხოლო ეს ნება არის თავისუფალი. ასე რომ, ვინც ადანაშაულებს შემოქმედს და ამბობს: რატომ არ შეგვქმნა ღმერთმა იძულებით უცოდველნიო, ის პირუტყვთა ბუნებას პირმეტყველთა ბუნებაზე წინ აყენებს და უმოქმედოსა და უგუნურს – მოქმედებისა და ნება–სურვილის მქონეზე წინ.
link
image

თემა: ეკლესია

153. შეიძლება თუ არა იმ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფა, რომელიც სამოციქულო გადმოცემით მივიღეთ?ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და ქადაგებებისაგან ზოგიერთი მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ხოლო ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში. რადგან, თუკი გავბედავთ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფას, როგორც თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონეთ, მაშინ შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში და უარესშიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შეგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით, რომ ვარის ნიშს გადავსახავდეთ? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ, პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? და კიდევ, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხევთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? ანდა თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რაზედაც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ.
link
image

თემა: ფსალმუნები,  გლოვა ცოდვებისათვის

805. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან“ (ფსალმ. 29,5)?გაიხსენე დრო, როცა უფალი ეწამა და ამ სიტყვების მნიშვნელობასაც აღმოაჩენ. საღამოს, როცა იგი ჯვარზე გაკრული დაინახეს, უფლის მოწაფეთა შორის ტირილმა დაისადგურა, ხოლო ცისკარზე – სიხარულმა, როცა აღდგომის შემდეგ ერთმანეთისაკენ გარბოდნენ, რათა ერთმანეთისთვის ეხარებინათ, რომ უფალი იხილეს. ისიც შესაძლებელია, რომ საღამო საერთოდ ამ საუკუნეს ეწოდებოდეს, რომელშიც ის, ვინც ნეტარად ტირის, ცისკრის დადგომასთან ერთად ნუგეშინისცემულ იქნება. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის–ცემულ იქმნენ“ (მათ. 5.4). „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით“ (ლუკ. 6.21). ამიტომ, ვინც უკვე აღსასრულისკენაა მიდრეკილი და დღეებს ამ საუკუნისა საკუთარ შეცოდებათა დატირებაში ატარებს, იგი ამ ჭეშმარიტი ცისკრის დადგომისას გაიხარებს, რადგანაც, რომელნიც ახლა „თესვიდენ ცრემლით“, „სიხარულით მოიმკიან“ (ფსალმ. 25,5), ოღონდ ცხადია მომდევნო საუკუნეში.
link
image

თემა: ფსალმუნები

213. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას“ (ფსალმ. 32, 2)?პირველად ბობღნით ანუ სხეულის მწყობრი მოქმედებით უნდა ვაღიაროთ უფალი, იმდენად, რამდენადაც სხეულით შევცოდეთ, რაჟამს „წარვუდგინეთ ასონი ჩვენნი მონებად“ ცოდვასა და უშჯულოებას (რომ. 6, 19). ამრიგად, სხეულით ვაღიაროთ და იგივე გამოვიყენოთ გასანადგურებლად ცოდვისა, რითაც შევცოდეთ. სძრახავდი? – აკურთხე! მევახშეობდი? – გაეცი! თვრებოდი? – იმარხულე! ქედმაღლობდი? – თავი დაიმდაბლე! გშურდა? ანუგეშე! მოკალი? ტანჯვა დაითმინე! ან რაც ტანჯვის თანაბარია, აღსარებისას სხეული შენი დააძაბუნე; და მაშინ შენც გახდები ღირსი უგალობო უფალს ათძალითა საფსალმუნისათა. ჯერ სხეულებრივი მოქმედებანი უნდა წარმართო სწორად, რათა ისინი უფლის სიტყვის შესაბამისად აღასრულო, ხოლო შემდეგ გონის ჭვრეტამდე ამაღლდე.
link
image

თემა: სიხარული

72. როგორ შეიძლება შევასრულოთ წმ. მოციქულთა სიტყვები "მარადის გიხაროდენ" (1 თეს. 5, 16), როცა ყოველდღე უამრავი განსაცდელი და ჭირი მოიწევა ჩვენზე?ვინც ერთხელ შეემსჭვალება დამბადებლის სურვილს და მისი მშვენიერებით დაეჩვევა გაბრწყინებას, იგი ამ სიხარულს არ შეცვლის ხორციელი ტკივილების მოწევნით. პირიქით, ის მიზეზები, რომლებიც სხვას შეაწუხებდა და შეაჭირვებდა, მას უმეტესი სიხარულის საბაბად ექცევა, როგორც თავად წმ. მოციქულ პავლეს, რომელიც სიხარულით იწყნარებდა ხორციელ უძლურებას, ჭირს, დევნულებასა და ტანჯვას და იქადოდა შეჭირვებებით (2 კორ. 12, 19). იქადოდა იმითი, რომ იყო მუდამ მშიერი, მწყურვალი, შიშველი, დევნული და შევიწროებული
link
image
image
11
12
13
14
image
image