ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოწყალება
633. მითხარი, ბატონო აბბა, ვისაც არაფერი აქვს მისაცემი, მაშინ ის როგორ გახდება იმ კურთხევის თანაზიარი, რომელიც უფალმა მის მარჯვნივ მდგომებს აღუთქვა: „მოვედით, კურთხეულნო, მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი“, და ა.შ. (მათე 25, 34-35).
ძმაო! მოციქულებს საკუთრება არ ჰქონდათ, მაგრამ განა ისინი ამ კურთხევის თანაზიარნი არ გახდნენ? ღირსებები განსხვავებულია და ღმერთი ყველას თავისი ღირსების შესაბამისად ელაპარაკებოდა; რამეთუ ნეტარებებში მან ცხონების მსურველთა განსხვავება გვიჩვენა. სულიერ საკითხზე მსჯელობა მიწიერი მაგალითითაც შეგვიძლია. წარმოიდგინე, რომ ერთ ადამიანს ნაყოფები აქვს და მათ წვრილ მონეტაზე ჰყიდის, ხოლო მეორეს სხვადასხვა ნივთები აქვს და მათ იმავე მონეტაზე ჰყიდის. ხელოსნებშიც გვხვდება მსგავსი რამ: მაგალითად, ვიღაც დურგალია და დღეში ერთ დინარს იღებს, ხოლო სხვა ქვისმთლელია და მასაც ერთი დინარი აქვს დღეში; და შესაძლოა სხვა დარგის ხელოსანმაც იგივე საფასური აიღოს. დარგები განსხვავებულია და ნაყოფებიც სხვადასხვაა, მაგრამ ფასი და გადასახადი ერთი და იგივეა. მიუსადაგე ეს სულის ცხონებას. იმათ, რომელთაც ფული ან ნივთები აქვთ და პატივმოყვარეობის გარეშე ურიგებენ ღარიბებს, ეტყვიან: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით“ (მათე 25, 34-35) და ა.შ. სხვა ნეტარებებიც განიხილე და მათში დიდ განსხვავებას დაინახავ, მაგრამ მათ სულის ცხონება და ერთი სასუფეველი აერთიანებს; რამეთუ ნათქვამია: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“ (მათე 5, 3), და კიდევ: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი“ (მუხსლ. 10). სხვებიც, განსხვავებულ ნეტარებაში მყოფნიც, უცხონი არ არიან იმავე ცათა სასუფევლისაგან. ასე რომ, თუ მოწყალების გაცემა არ შეგიძლია, მაშინ სულით გლახაკი იყავი, რათა წმიდანებთან ერთად ცათა სასუფეველი დაიმკვიდრო. ამა სოფელში შენს ცოდვებზე იგლოვე, რათა სახარებაში ნახსენებ მგლოვიარეებთან ერთად ნუგეშინისცემულ იქმნე. სიმშვიდე შეიძინე, რათა ქვეყანა დაიმკვიდრო. გშიოდეს და გწყუროდეს სიმართლისათვის, რომ განსძღე მათით. გულით წმინდა იყავი, რათა ღმერთი მის დიდებაში იხილო. საკუთარი გულის მშვიდობისმყოფელი იყავი, რათ ძედ ღმრთისად იწოდო. კეთილი საქმეების აღსრულების და სამართლიანობის გამო მზად იყავი, რათა ქალაქიდან ქალაქში დევნა, ანუ ეშმაკის ბოროტი აზრიდან ღვთისნიერ აზრებში დევნა დაითმინო და ცათა სასუფევლის დამკვიდრებამ გაგახაროს. ღვთის გულისათვის ყვედრება, დევნა და სიცრუით ნათქვამი ყოველი ბოროტი სიტყვა დაითმინე, რათა ზეცაში მრავალი სასყიდლის მიღების სიხარულმა გაგამხიარულოს.