თემა: ეკლესია

1483.შეიძლება ადამიანი იყოს ეკლესიის თავი?
არ შეიძლება, რამეთუ ქრისტე ღმერთკაცია, ხოლო ეკლესია ღმერთკაცის სხეული, ამიტომ ეკლესიის თავი შეუძლებელია იყოს ლიტონი ადამიანი.
1484.დაადგინა თუ არა უფალმა იესო ქრისტემ მოციქულთაგან რომელიმე დანარჩენ მოციქულთა წინამძღვრად?
არა, არავინ დაუდგენია, პირიქით, აფრთხილებდა მათ, რათა მათ შორის არავის ეწოდებებინა თავის თავისთვის სხვა მოციქულთა მოძღვარი ან წინამძღვარი, რამეთუ მათ შორის მხოლოდ ერთია მოძღვარი - ქრისტე, ისინი კი ერთმანეთისთვს მხოლოდ ძმები არიან (მთ.23,8-10).
1485.რას იმოწმებენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქული დაადგინა მოციქულთა და ეკლესიის თავად?
ისინი, იმოწმებენ პეტრე მოციქულისადმი უფალ იესო ქრისტეს მიერ ნათქვამ სიტყვებს:
    1. ,,ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა...და მე გეტყვი შენ, რამეთუ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყამასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მტ.16,17-19).
    2. ,,მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლკ.22,32).
    3. ,,აძოენ კარავნი ჩემნი ... დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (ინ.21,15-17).
1486.როგორ ხსნიან პეტრე მოციქულის მოციქულ თა თავად აღიარების მომხრენი სიტყვებს: ,,შენ ხარ პეტრე, და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი"?
ხსნიან იმგვარად, რომ უფალმა იესო ქრისტემ სიმონ მოციქულს პეტრე ანუ კლდე უწოდა, და რომ ამ კლდეზე, ე.ი. პეტრე მოციქულზე დააფუძნა ეკლესია.
1487.არის თუ არა სწორი სწავლება, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია პეტრე მოციქულზე დააფუძნა?
ეს სწავლება არასწორია:
    1. უფამლა იესო ქრისტემ სიმონ მოციქულს პეტრე უწოდა იმისთვის, რომ მის შეკითხვაზე, თუ ვინ ჰგონიათ იგი მოციქულებს, უპასუხა: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი" და ამით კლდესავით მტკიცე რწმენა გამოხატა უფალ იესო ქრისტეს ღმრთიურობის მიმართ, ამიტომ სიტყვა ,,პეტრე" ამ შემთხვევაში ნიშნავს ადამიანს, რომელმაც გამოხატა ურყევი რწმენა.
    2. კლდეს კი, რომელზეც უნდა დაფუძნებულიყო ქრისტეს ეკლესია, უნდა ვიგულისხმოთ არა პეტრე ადამიანი, არამედ მისი რწმენა, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ცოცხალი ღმრთისაი.
1488.საიდან არის ცნობილი რომ უფალმა იესო ქრისტემ კლდეში, რომელზეც სურდა თავისი ეკლესიის აღმართვა,პეტრე მოციქული კი არ იგულისხმა, არამედ რწმენა მისი ღმრთაებრიობისა?
ეს ცნობილია წმიდა წერილიდან და წმინდა ზეპირი გარდმოცემიდან.
1489.წმიდა წერილის რომელ წიგნშია ნათქვამი ეკლესიის დაფუძნებაზე?
ამის შესახებ ნატქვამია პავლე მოციქულის პირვე ეპისტოლეში კორინტელთა მიმართ, სწორედ იმ აზრით, რომ საფუძველი სხუაი ვერვინ ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს ქრისტე" (3,11).
1490.რატომ მიაპყრო პავლე მოციქულმა განსაკუთრებული ყურადღება იმას, რომ უფალი იესო ქრისტე არის საფუძველი ეკლესიისა?
მიაპყრო იმიტომ, რომ კორინთოს ეკლესიაში თავი იჩინა განყოფამ პავლეს, პეტრეს და აპოლოსის მიმდევრებად და წმიდა პავლემ მიუთითა, რომ არც თვითონ, არც პეტრე და არც აპოლოსი, კი არ არიან ეკლესიის საფუძველნი, არამედ ერთადერთი უფალი იესო ქრისტე და რწმენა მისი ღმრთიურობისა არის საფუძველი ეკლესიისა (Iკორ.3,3-11).
1491.წმიდა მამათაგან რომელმა ჩაწერა ზეპირი გარდმოცემა ეკლესიის საფუძველის შესახებ?
მრავალმა წმიდა მამამ ჩაწერა, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულნი არიან:
    1. ნეტარი ავგუსტინე. წიგნში ,,ღმრთის სიტყვის შესახებ" უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს რომელიც კლდეს შეეხება, ის განმარტავს ამგვარად: ,,იმ კლდეზე, რომელიც შენ აღიარე სიტყვებით:შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, - აღვაშენებ ეკლესიას, ანუ იმ სარწმუნოებაზე, რომელიც შენ აღიარე";
    2. წმიდა მამა იოანე ოქროპირი, მარკოზის სახარების შესახებ თავის ორმოცდამეცამეტე ქადაგებაში, ამბობს: ,,ამ კლდეზე ავაგებ ჩემს ეკლესიას, ე.ი. პეტრე მოციქულის რწმენაზე".
    3. წმიდა მამა ამბროსი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებაში ამბობს:,,ამ კლდეზე არვმართავ ჩემს ეკლესიას, რაც მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარებას ნიშნავს" -ამგვარად გვასწავლის ეკლესიის ყველა წმიდა მამა.
    განმარტება:
    ამიტომ ახალი ტაძრის კურთხევის დროს იგალობება: ,,ჰოი, მრავალმოწყალეო, რომელმან კლდესა ზედა აღაღე ეკლესიაი შენი, შეიწირე ტაძარსა ამას შინა ლოცვანი ჩვენნი".
1492.ვის ვუწოდებთ ეკლესიის წმიდა მამებს?
წმიდა მამებს, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ვუწოდებთ ძველი და ახალია აღთქმის ყველა მამამთავარს, წინასწარმეტყველთ და ეკლესიის დამსახურებულ მოღვაწეებს, ვიწრო გაგებით კი, ესენი არიან ქრისტიანობის პირველი საუკუნეების გამოჩენილი ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებმაც განსაკუთრებით იღვაწეს ეკლესიის წიაღში.
1493.რატომ იყო შეუძლებელი უფალ იესო ქრისტეს თავისი ეკლესია პეტრე მოციქულის პიროვნებაზე აღემართა?
1. ეკლესიის აღმართვა შეუძლებელია ადამიანზე, ვინც უნდა იყოს ის, რამეთუ ადამიანები, თვით მომავალი წმიდანებიც კი შესაძლოა ცდებოდნენ;
    2. უფალმა იესო ქრისტემ კლდეზე ეკლესიის დაფუძვნების თაობაზე თავისი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მყისვე უბრძანა პეტრეს: ,,წარვედ ჩემგან, სატანა, საცდურ ჩემდა ხარ!" (მთ.16,23)
    3. პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი იესო ქრისტე. (ლკ.22,56-60)
1494.რა იგულისხმება სიტყვებში: ,,და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი"?
ამ სიტყვებში უნდა ვიგულისხმოთ:
    1. ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა, ე.ი. ცოდვათა შენდობისა ან მიტევებისა.
    2. დაადოს ეკლესიურუ სასჯელი ან მიუტეოს.
1495.მხოლოდ პეტრეს მისცა უფალმა იესო ქრისტემ განხსნის ან შეკვრის ხელმწიფება?
არა, არამედ ყველა მოციქულს უბრძანა: ,,ამენ გეტყვი თქუენ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა; (მთ.18,18); სხვა შემთხვევაში ასე უბრძანა ყველა მოციქულს: ,,მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნა მათ, უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ.20,22-23).
1496.როდის უთხრა უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს: ,,მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განკაცენ ძმანი შენნი" (ლკ.22,32)?
ეს სიტყვები უფალმა იესო ქრისტემ წარმოთქვა საიდუმლო სერობის დასასრულს, როდესაც ემშვიდობებოდა მოციქულთ და ამასთანავე იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე სამგზის უარყოფდა მას.
1497.ამ სიტყვებით უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქული ყველა დანარჩენი მოციქულის და ყველა ეკლესიის თავად დაადგინა?
არა, არამედ იმის თქმა ენება მათთვის, რომ მას შემდეგ, რაც პეტრე მოციქული უარყოფს მას, ოუდასაგან განსხვავებით, რწმენას არ დაკარგავს, არამედ მოექცევა და სწორედ თვისი მოქცევით განამტკიცებს რწმენაში დანარჩენთ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები